ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ ბანკ Credit Suisse-ს შვილობილ კომპანიას, CS Life-ს, 42 დღე მისცა $607,35 მილიონის გადასახდელად მოსარჩელეთათვის, რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ინფორმაციას კომპანია PR Newswire ავრცელებს.
CS Life-ის სააპელაციო საჩივრების განხილვის დასრულებამდე თანხა დამოუკიდებელ ანგარიშზე განთავსდება, რის შემდეგაც საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, ივანიშვილს.
“განაჩენი მოჰყვა მარტის გადაწყვეტილებას, რომელმაც CS Life-ს პასუხისმგებლობა დაადგინა იმისათვის, რომ [ამ უკანასკნელმა] არ მიიღო ადეკვატური ზომები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად.
ბ-ნი ივანიშვილისა და მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს”, — დასძენს PR Newswire.
ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ივანიშვილმა Credit Suisse-ს 6-წლიანი დავა მიმდინარე წლის მარტში მოუგო. ყოფილი პრემიერი და მილიარდერი ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან $607 მილიონზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში.
ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც, საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე,ი ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა, თუმცა თავად Credit Suisse აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.
მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა მეორედ უჩივლა “Credit Suisse”-ს. მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ გაავრცელა “Credit Suisse”-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც ბანკის მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.
თავად Credit Suisse-მა უსაფუძვლო უწოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს.
ამავე თემაზე:
მირჩევნია, საზოგადოებას თავს არ მოვახვიო – ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაზე