ახალი ამბები

მირჩევნია, საზოგადოებას თავს არ მოვახვიო – ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაზე

27 ივლისი, 2022 • 643
მირჩევნია, საზოგადოებას თავს არ მოვახვიო – ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაზე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, „კრედიტ სუისთან“ მისი დავა საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, თუმცა ამბობს, რომ ურჩევნია, ეს საკითხი „ზედმეტად თავს არ მოახვიოს“ საზოგადოებას.

„რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს“, – წერს ივანიშვილი 27 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში.

„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

„აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს“, – წერს ექსპრემიერი.

მისი თქმითვე, ამ საკითხზე დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე თავისი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

„ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები“, – აცხადებს ივანიშვილი.

ექსპრემიერი ასევე წერს, რომ დღეს „საქართველოს ომში ჩათრევის“ „უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, და მიაჩნია, რომ:

„მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“.


ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ივანიშვილის ადვოკატები განმარტავენ, რომ გარდა უშუალოდ ამ სასამართლო დავებისა, ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის „სატრასტო“ კომპანიებისთვის და „სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება“ ბოლო პერიოდში არსებული გაურკვევლობა.

2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა კვლავ უჩივლა Credit Suisse-ს.

მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს „მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი“ მიადგა.

ადვოკატების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად თავდაპირველად ახსენა „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა „ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული“.

ახლა კი იურიდიული ფირმა აცხადებს, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, – სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაა გაცემული, – რაც, ადვოკატების თქმით, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ტრანზაქციის შეფერხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი