სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში გაიმართება სასამართლო, სადაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ $800 მლნ-ზე იდავებს.
ბიძინა ივანიშვილმა ამავე ბანკს სულ რამდენიმე თვის წინ მოუგო 6-წლიანი დავა ბერმუდაში, – ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, CS Life-ს 42 დღე მისცა $607.35 მილიონის გადასახდელად.
სექტემბრის სასამართლო პროცესი ეხება „კრედიტ სუისის“ სხვა შვილობილ კომპანიას, Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული.
„ბლუმბერგის“ ცნობით, სასამართლო სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული.
ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც, საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა.
მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჟენევაში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, ეკისრება თუ არა უშუალოდ ბანკს სისხლისსამართლებრივი უფლებამოსლება.
Credit Suisse-კი კი დღემდე აცხადებს, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ „კრედიტ სუისთან“ (Credit Suisse) დავას აგრძელებს, ერთ-ერთ ბოლო სასამართლო განხილვაზე განაცხადა:
„ისეთი დონის თავხედობა, რაც Credit Suisse-სგან გამოვცადე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოში, ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია“.
ივანიშვილის პოზიციით, ბანკის ვალდებულება იყო, ლესკადრონის ქმედებები არ დაეშვა.
„კრედიტ სუისი“ აცხადებს, რომ მიმდინარე დავებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
2022 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები „კრედიტ სუისთან“.
ივანიშვილის ადვოკატები განმარტავენ, რომ გარდა უშუალოდ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო დავებისა, ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის „სატრასტო“ კომპანიებისთვის და „სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება“ ბოლო პერიოდში არსებული გაურკვევლობა.
2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა კვლავ უჩივლა Credit Suisse-ს.
მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს „მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი“ მიადგა.
ადვოკატების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად თავდაპირველად ახსენა „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა „ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული“.
ახლა კი იურიდიული ფირმა აცხადებს, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, – სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაა გაცემული, – რაც, ადვოკატების თქმით, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ტრანზაქციის შეფერხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.