ახალი ამბები

ბელარუსელი აქტივისტების პროტესტი “ლელოს” ოფისთან და პარტიის პასუხი

15 აგვისტო, 2022 • 2471
ბელარუსელი აქტივისტების პროტესტი “ლელოს” ოფისთან და პარტიის პასუხი

საქართველოში მყოფმა ბელარუსელმა აქტივისტებმა თბილისში, პარტია “ლელოს” ოფისთან აქცია გამართეს. შეკრების მონაწილეთა თქმით, პარტიის ინიციატივა, სავიზო რეჟიმი დაწესდეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის მოქალაქეებისთვის, მათ ათანაბრებს რუსებთან და აზარალებს იმ ადამიანებსაც, ვინც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა.

“ბელარუსს არ აქვს პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ, როდესაც კრიმინალურმა ბანდამ მიითვისა არჩევნები. მათ არ მოუგიათ არჩევნები და დევნიან იმ ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან ხელისუფლებას და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი დაწესდება სავიზო რეჟიმი, ის ადამიანებიც დავზარალდებით, რომლებიც ამ რეჟიმს ვეწინააღმდეგებოდით”, — უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია “ფორმულას”.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან მიიტანეს პლაკატები, რომლებიც ასახავს 2020 წელს ბელარუსში დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე პოლიციის ძალადობას, ასევე,  პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებისა და პოლიტიკური პატიმრების რაოდენობას.

“2020 წელს რუსეთის რეჟიმს ვაპროტესტებდით ბელარუსში. ეს ინიციატივა რუსებსა და ჩვენ ერთსა და იმავე მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთნი”, — ამბობს კიდევ ერთი დემონსტრანტი.

პარტია “ლელო” ითხოვს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომისა და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მოსკოვის მხარდაჭერის ფონზე, სავიზო რეჟიმი ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესდეს.

პარტია ასევე ითხოვს, დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ), 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის კი გაიცეს ვიზები “ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით”.

“ლელოს” პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებს შეხვდნენ პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, გრიგოლ გეგელია, ლანა გალდავა, საბა ბუაძე და თამაზ დათუნაშვილი და პარტიის ინიციატივის მიზეზები აუხსნეს.

გალდავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძინა, რომ პარტია მხარს უჭერს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დევნილ ბელარუსელებს და არც ტურიზმს ეწინააღმდეგება, თუმცა “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის არსებული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გაკონტროლდეს ნაკადი”, რომელიც ხსენებული ორი ქვეყნიდან შემოდის.

“[ბელარუსიდან პოლიტიკური დევნილების] შესახებ მე უშუალოდ გავაკეთე განცხადება პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში… ჩვენ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ სინამდვილე, ვინ არის პოლიტიკურად დევნილი, ვინ არის ტურისტული მიზნებით შემოსული და ვინ — სხვა მიზნებით.

რისკების იდენტიფიცირებისთვის არის საჭირო, რომ დაწესდეს სავიზო რეჟიმი, თორემ რეჟიმის დევნილი ადამიანებისთვის, ცხადია, უნდა იყოს საქართველოს კარი ღია, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისა”, — აღნიშნა მან.

ლანა გალდავას სიტყვებით, თავად პოლიტიკურად დევნილი ბელარუსელებისთვისაა “უკეთესი, გამოიკვეთოს ის ხალხი, ვინც რეალურად არიან ლუკაშენკოსაგან დევნილი, მისი მსხვერპლი”:

2 წლის წინ, 2020 წლის აგვისტოში, საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში მასობრივი, უპრეცედენტო ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო.

დემონსტრაციებს ხელისუფლებამ უპასუხა დაკავებებითა და ძალადობით, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ფონზე კი ლუკაშენკო უფრო მეტად დაუახლოვდა პუტინს.

ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” თანახმად, ბელარუსს ამჟამად 1276 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს, კრიტიკული გამოცემების ვებგვერდები დაბლოკეს, ჟურნალისტები და აქტივისტები კი დააკავეს.

მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა რუსეთს მხარი დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ ომში, მოქალაქეები ბელარუსის არაერთი ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, რასაც პოლიციამ მასობრივი დაკავებებით უპასუხა.

ამ ფონზე უკმაყოფილო ბელარუსელთა ნაწილის წინააღმდეგობამ იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და, როგორც ამას თავად უწოდებენ, პარტიზანული სახე მიიღო. ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად სარკინიგზო სისტემაში მოწყობილი საბოტაჟის აქტები იქცა.

ბელარუსელებმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა მეთოდით მოშლა დაიწყეს, რათა უკრაინის ჩრდილოეთი მიწებისკენ, მათ შორის, კიევისკენ რუსეთის წინსვლისთვის ხელი შეეშალათ.

რეჟიმისაგან დევნილმა არაერთმა ბელარუსელმა საქართველოს მოაშურა: ისინი მრავალგზის აწყობენ აქციებს ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ომის დაწყების შემდეგ კი ორგანიზებას უწევენ და ურთდებიან უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებს.

გარეკანის ფოტო: “ფორმულა”

ამავე თემაზე გირჩევთ:

როგორ შეაფერხა რუსეთის ძალები ბელარუსელთა “სარკინიგზო ომმა”

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი