ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამავე საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს და აცხადებს, რომ კონკურსის დაჩქარებული წესით წარმართვამ, ისე, რომ პოტენციურ კანდიდატებს შესაძლოა არც ჰქონოდათ მის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, პროცესის ხარისხზე მოახდინოს გავლენა.
10 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ევროპელ მოსამართლეთა საკონსტულტაციო საბჭო ასევე ხაზს უსვამს გარემოებას, რომ კონკურსის თაობაზე მანამდე ინფორმირებული არ ყოფილა საკონსულტაციო საბჭოს მოქმედი წევრი საქართველოს კვოტით [უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური].
CCJE აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ ნინო ბაქაქურის მუშაობა საკონსულტაციო საბჭოში არის „მაღალი პროფესიული სტანდარტების და საბჭო მნიშვნელოვან ექსპერტულ მხარდაჭერას იღებს მისგან სამუშაო ჯგუფებსა თუ პლენარულ შეხვედრებში“.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიცია.
CCJE ამბობს, რომ იზიარებს კოალიციის გამოთქმულ შეშფოთებას და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „უზრუნველყოს კონკურსის მაღალი სტანდარტებით წარმართვა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება მათი კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა“.
საკონსულტაციო საბჭოსა და ევროპული კომისიის მოქმედი წევრი, საქართველოს კვოტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქურია. „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციის განცხადებით, ბაქაქურის კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში რაიმე ტიპის კითხვები არ არსებობს.
ამავე კოალიციის თანახმად, ბაქაქური ამ პოზიციაზე 2024 წლამდეა განწესებული. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე კი ამბობს, რომ უფლებამოსილების ვადა აქამდე განსაზღვრული არ ყოფილა.
კოალიცის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს კვოტით CCJE-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ასეთი ფორმით გამოცხადება „კითხვებს აჩენს და სასამართლო სისტემის შიგნით განსხვავებული აზრის დევნაზე არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს“.
CCJE-ის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია იმ ორგანიზაციებში კანდიდატურის წარგზავნაზე, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, იურიდიულ საკითხებზე“.
მინისტრის თანახმად, „ადრე წარგზავნა ხორციელდება ყოველგვარი კონკურსის გარეშე. დღეს კი ჩვენ შემოვიღეთ გამჭვირვალე წესი და ნებისმიერ ასეთ ორგანიზაციასა თუ ჯგუფში წარგზავნა განხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები“.
„შესაბამისად, ვსაუბრობთ უფრო მეტად დემოკრატიულ პროცედურაზე. რაც შეეხება ქ-ნ ბაქაქურს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, შეეძლო, შემოეტანა ღია კონკურსზე განაცხადი და მიეღო მონაწილეობა. ვერ ვისაუბრებთ ვერც ერთ ინდივიდზე,რომელიც არ შემოიტანს განცხადებას. აღნიშნულ ქალბატონს კონკურსში არ შემოუტანია განაცხადი“, – განაცხადა მან.