ახალი ამბები

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმისთვის — კოალიცია

9 ოქტომბერი, 2023 • 924
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმისთვის — კოალიცია

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, ქართული სასამართლო სისტემა კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აქამდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მართლმსაჯულების ინსტიტუციური რეფორმის ფასადურ მცდელობად აფასებენ, რომელმაც ვერ შეძლო ქართული რეალობის მთავარ გამოწვევასთან – სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალურ გავლენებთან გამკლავება.

მეტიც, მათი თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში მმართველმა გუნდმა ვერ უერთგულა სასამართლოს დემოკრატიულად გარდაქმნის პრინციპულ მიზნებს და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში, დათმობაზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ გავლენიან ჯგუფებთან. განცხადების ავტორების თქმით, ამ პროცესმა ხელი შეუწყო სისტემაში განსხვავებული აზრის თანდათანობით ჩახშობას და კორპორატივიზმის გაძლიერებას:

„ნათელია, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კვლავ ფრაგმენტული და არაარსებითი ცვლილებებით შემოიფარგლება. ხელისუფლება არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების აუცილებლობას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ფონზე, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების მიზნით, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  • პირველი საფეხური: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო/საგამოძიებო კომისიამ ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/კლანური და პოლიტიკური გავლენების მასშტაბი, ასევე, კორუფციის დონე.

  • მეორე საფეხური: სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

განცხადების ავტორების თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის მასშტაბის შეფასების შემდგომ, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით,  უნდა მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

  • მესამე საფეხური: სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია

კოალიციის თქმით, სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. იმპლემენტაციის პროცესი კი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური.

იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/პოლიტიკური გავლენების გაძლიერება და კორუფციის დონის ზრდა, კოალიციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო – გადაწყვეტილებების მიღების უფრო ინკლუზიური წესი (ორმაგი 2/3); საბჭოს წევრი მოსამართლეების მიერ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების და ხელმეორედ ერთი და იმავე პირის საბჭოში არჩევის შეზღუდვა; სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეების მიერ;
  • ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები – მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდა; მოსამართლეთა იძულებით მივლინების სისტემის რეფორმა და 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებამდე არსებული გარანტიების დაბრუნება კანონმდებლობაში;
  • ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა – სასამართლო აქტების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ასევე, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეალური უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოზე კლანური გავლენის შემცირება – სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება;
  • სისტემის შევსება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით – სკოლის უზრუნველყოფა საჭირო ადმინისტრაციული/ინფრასტრუქტურული რესურსით, რათა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობით კვალიფიციური კადრების მომზადება;
  • მოსამართლეების შრომითი გარანტიების გაუმჯობესება – საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა და მოსამართლეთა სამართლიანი დატვირთულობის უზრუნველყოფა; მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება და მათ საფუძველზე დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; შრომის ანაზღაურების სამართლიანი და გამჭვირვალე წესის განსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი