ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძის არჩევას კლანის დადასტურებად აფასებს

31 ივლისი, 2023 • 884
კოალიცია დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძის არჩევას კლანის დადასტურებად აფასებს

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ წლებია პრობლემურია ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები კანონმდებლობაში — მაგალითად, დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად საკმარისია საბჭოს წევრთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, შესაბამისად, მისი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერით. გარდა ამისა, კოალიციის შეფასებით, ხარვეზიანია საბჭოს მიერ დადგენილი ინსპექტორის შერჩევის წესი, რომელიც არ ითვალისწინებს კონკურსის ჩატარების ძირითად პრინციპებს (ობიექტურობა, საჯაროობა, დისკრიმინაციის აკრძალვა) და პროცედურებს (შერჩევის კრიტერიუმები, გასაუბრების ჩატარების მიზანი და რეგულაცია, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხები, კანდიდატის შეფასება და მისი დასაბუთება).

„პრაქტიკაშიც, დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესი ამჯერადაც გაუმჭვირვალედ ჩატარდა. კანდიდატებთან გასაუბრება საბჭომ დახურულ რეჟიმში ჩაატარა. საბჭოს ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების ვინაობა, არც მათი ბიოგრაფიები. დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიების ნაკლებობის ფონზე, გაუმჭვირვალე პროცესით არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორი ხელს ვერ შეუწყობს დისციპლინირების პროცესის მიმართ ნდობას. ინსპექტორად კლანისადმი ლოიალურად განწყობილი პირის დანიშვნა აფერხებს სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

27 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია. ის 2017-2021 წლებში იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას თავადაც იკავებდა. მის კანდიდატურას სხდომაზე დამსწრე 11-მა წევრმა, მათ შორის, ახლახან პარლამენტის მიერ არჩეულმა სამმა არამოსამართლე წევრმა, ერთხმად დაუჭირა მხარი. დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსზე 32 პირი დარეგისტრირდა, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 9 კანდიდატი, იუსტიციის საბჭოს ორი ყოფილი არამოსამართლე წევრი: შოთა ქადაგიძე და ზაზა ხარებავა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. იგი უფლებამოსილია, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.

შოთა ქადაგიძე 2017-21 წლებში იყო პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

დამოუკიდებელი იურისტები, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“, აცხადებენ, რომ შოთა ქადაგიძე თავის წარსულ საქმიანობაში სასამართლო კლანის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდა, რაც ინსპექტორად დანიშვნით „დაუფასდა“. მოსამართლეთა ის ნაწილი, რომელსაც არასამთავრობოები კლანს უწოდებენ, უარყოფს სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის და, შესაბამისად, კლანის არსებობას.

იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია

მასალების გადაბეჭდვის წესი