ახალი ამბები

პენტაგონის შეფასებით, ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში არ შეიჭრება

9 აგვისტო, 2022 • 1060
პენტაგონის შეფასებით, ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში არ შეიჭრება

პენტაგონის შეფასება არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება.

ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის უმაღლესი პოლიტიკის ოფისმა განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას პეკინმა კუნძულის გარშემო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები დაიწყო.

კითხვაზე, გასული კვირის მოვლენების გათვალისწინებით, როგორ აფასებენ სამხედროები, აიღებს თუ არა ძალის გამოყენებით ჩინეთი ტაივანს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალმა უპასუხა, რომ „არა“.

მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლის გამო ჩინეთმა ხელოვნური კრიზისი შექმნა, რადგან აშშ-ის წარმომადგენლები ტაივანში რეგულარულად ჩადიან.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ პეკინი ცდილობს, ტაივანის იძულების მიზნით ახალი ნორმა შექმნას და საერთაშორისო საზოგადოება გულწრფელად გამოიწვიოს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტაივანის სრუტეს გლობალური ეკონომიკისთვის.

თუმცა თავდაცვის მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ მხარდაჭერას და არ ცნობს ტაივანს ცალკე სახელმწიფოდ, მაგრამ ვაშინგტონი მხარს უჭერს ტაიპეის მიერ თავდაცვის მიზნით იარაღის ყიდვის უფლებას.

”ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, ეს არის სტატუს კვოს მხარდაჭერა”, – თქვა კალმა და დასძინა, რომ „ჩინეთის პოლიტიკა არის ის, რაც შეიცვალა“.

ჩინეთსა და ტაივანს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 აგვისტოს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა. პელოსის ვიზიტის პასუხად ჩინეთმა დაიწყო ტაივანის ირგვლივ საზღვაო და საჰაერო სამხედრო წვრთნები, საცეცხლე სისტემებიდან სროლით.

გარდა წვრთნებისა, ჩინეთმა ტაივანს გარკვეული სავაჭრო შეზღუდვებიც დაუწესა.


ტაივანის თვითმმართველ კუნძულს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მშვიდობიანი გზით მის „სამშობლოსთან დაბრუნებას ისტორიულ მიზნად“ ასახელებს, თუმცა არც ძალისმიერ მეთოდებს გამორიცხავს, აუცილებლობის შემთხვევაში.

თავის მხრივ, ტაივანი თავს ჩინეთის რესპუბლიკად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს. გაერო არ აღიარებს ჩინეთის რესპუბლიკას სუვერენულ სახელმწიფოდ. ტაივანის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, მათ შორის არ არის აშშ. დანარჩენი მსოფლიო კი „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ხელმომწერია. აშშ-ს აქვს ხელშეკრულებები ტაივანთან, რომლის ფარგლებშიც თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობს.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი