ახალი ამბები

„დეზინფორმაცია და ცილისწამება“ – მთავრობის სტრატკომი მელიას პასუხობს, ფაქტზე არ საუბრობს

9 აგვისტო, 2022 • 1419
„დეზინფორმაცია და ცილისწამება“ – მთავრობის სტრატკომი მელიას პასუხობს, ფაქტზე არ საუბრობს

განახლება: თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში და „შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში“.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება ქართველი თადარიგის ოფიცრის პირადი საქმის აღმოჩენას რუსი სამხედროების ხელში.

მთავრობის სტრატკომი აქცენტს აკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებაზე და წერს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც, რა თქმა უნდა, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას“.

მთავრობის სტრატკომის განცხადება არ სცემს პასუხს კითხვას, რა გზით შეიძლებოდა, დოკუმენტაცია რუსი სამხედროების ხელში მოხვედრილიყო.

რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში, ლისიჩანსკის მახლობლად ყოფნისას ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები აქვთ.

მიხეილ ქამხაძე აცხადებს, რომ მისი პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა მისი პირადი მონაცემები რუსი სამხედროების ხელში.

დეტალურად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი