საზოგადოება

როგორ მოხვდა ქართველი სამხედროს პირადი საქმე რუსი ჯარისკაცების ხელში

9 აგვისტო, 2022 •
როგორ მოხვდა ქართველი სამხედროს პირადი საქმე რუსი ჯარისკაცების ხელში

განახლება: თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში და „შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში“.

რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში, ლისიჩანსკის მახლობლად ყოფნისას ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები) აქვთ.

მიხეილ ქამხაძე აცხადებს, რომ მისი პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა მისი პირადი მონაცემები რუსი სამხედროების ხელში.

მიუხედავად „ნეტგაზეთის“ მცდელობისა, რომ უწყებისგან განმარტება მიეღო, თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს.

რა ხდება?

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს, ქალაქში რუსი სამხედროები კამერის თანხლებით ჩავიდნენ. თავიანთ გადაღებულ ვიდეოში ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს სამხედრო-სასწავლო ბაზა, სადაც, მათი თქმითვე, „მესამე რაიხის დროშა“ და „დაქირავებულები უცხოელი მებრძოლების მონაცემები“ იპოვეს.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი რუსი სამხედრო პირი იღებს ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს. რუსი სამხედროების თქმით, ქამხაძე უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ წვრთნებს უტარებდა.

როგორც ვიდეოში ჩანს, ქამხაძის პირადი საქმე, რომელიც რუსული მედიაში მოხვდა, ქართულენოვანია და მასში  არის მისი ავტობიოგრაფია და ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა დაბადების მოწმობა, სამხედრო ვეტერანის მოწმობა, დიპლომები, ჯილდოები, სერტიფიკატები და სხვა.

კადრები რუსულ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან

რუსების ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმის (დედნის) მოხვედრის შესახებ სიუეჟეტი თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ მოამზადა.

„მთავარ არხთან“ საუბარში მიხეილ ქამხაძე ამბობს, რომ მისი პირადი საქმე, რომელიც რუსულ მედიაშია ნაჩვენები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და უკრაინაში ამ დოკუმენტაციას ფიზიკურად ვერ წაიღებდა.

„უკაპიკოდ ეს არ გაკეთდებოდა, თანხაა გადახდილი. მე ეს ეჭვიც მაქვს, რომ აქედან [უკრაინიდან] გავიდა ინფორმაცია იქ [რუსეთში], რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული და ამზადებს ხალხსო და იქიდან [რუსეთიდან] მოითხოვეს მერე [პირადი საქმე]. ქსელი არის. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი. ნაკლებად მოიძიებდა ვინმე სამოქალაქო [პირი] საქმეს“, – აცხადებს მიხეილ ქამხაძე „მთავარ არხთან“.

ამის შემდეგ მიხეილ ქამხაძემ ინტერვიუ „ფორმულასაც“ მისცა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელს არცერთ უწყებას არ ადებს.

„არცერთ უწყებაზე არ მითქვამს არაფერი და არც ახლა ვიძახი. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის რომელიღაც პიროვნების გაკეთებული. არ ვიცი, რა ქსელის წევრია.

ოკუპანტების ხელში მოხვედრილია ჩემი პირადი საქმე, რომელიც შეიცავს ანკეტას, ავტობიოგრაფიას და სხვადასხვა საბუთს. ეს ორი ძირითადი საბუთია, რომელიც ასახავს პიროვნებას – ვინ არის, რა არის, ვინ არიან ოჯახის წევრები, სად მუშაობენ, მისამართი და ა.შ. იქ არის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ…. ეს არის სრული პაკეტი ადამიანზე, რომლის შესწავლაც მიდის, რომელიც ინიშნება ამა და ამ უწყებაში“, – ამბობს ქამხაძე „ფორმულასთან“.

ქამხაძის თქმით, პირადი საქმე მაშინ შეავსო, როდესაც საქართველოში სატანკო ქარხანაში მუშაობის დაწყებას აპირებდა, თუმცა, ვინაიდან ეს პროცესი გაიწელა, 2017 წელს უკრაინაში წავიდა.

„როგორც წესი, სამხედრო პირი, რომელიც გადის თადარიგში, მისი საბუთები გადადის არქივში იმ პერიოდამდე, სანამ გახდება ზღვრული ასაკის, როცა უკვე თადარიგში აღარაა და დათხოვნილია. ანუ ომი რომ დაიწყოს ქვეყანაში, შეუძლიათ ეს პირი გამოიძახონ და სამხედრო თანამდებობაზე გამოიყენონ.

ჩემი საბუთები, რომელიც ოკუპანტების კადრებშია წარმოდგენილი, სამოქალაქო პირის საქმეა, ანუ, მე რომ თადარიგში გავედი, გავხდი სამოქალაქო პირი და ვიწყებდი სამსახურს როგორც სამოქალაქო პირი სატანკო ქარხანაში. სატანკო ქარხნის კადრებმა მომცეს ჩამონათვალი, რა საბუთი უნდა შემეგროვებინა. ეს საქმე შედგა, დავჯტოვე და, როგორც წესი, შემდეგ გიკავშირდებიან და დანიშვნის შესახებ გეუბნებიან. ამ საბუთის ჩაბარების შემდეგ არ დაედო საშველი ჩემს გამოძახებას და წავედი იქ[უკრაინაში], სადაც ვარ ახლა“, – ამბობს ქამხაძე.

მიხეილ ქამხაძე ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტები/პირადი საქმე, რაც ხელში რუს სამხედროებს ჩაუვარდათ, დოკუმენტების დედანია (ორიგინალია).

„თქვენ თუ დააკვირდებით, როცა ამ საქაღალდეს ხსნის, იქ პატარა კონვერტია, სადაც სურათები იდება, ლეიტენანტიდან დაწყებული იმით დამთავრებული, თუ რა წოდებით დაასრულა ადამიანმა სამსახური. ანუ ეს არის ორიგინალი პირადი საქმე. ასევე, იქ კარგად ჩანს ანკეტა, რომელიც შევსებულია და მე ხომ ვცნობ ჩემს ხელწერას?! ლურჯი კალმით არის შევსებული და ჩემი ხელნაწერია“, – აცხადებს მიხეილ ქამხაძე.

თადარიგის ოფიცრის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში მოხვედრით საფრთხე მის ოჯახსაც ემუქრება, რადგან მის პირად საქმეში ინფორმაცია მისი ოჯახის წევრების შესახებაცაა.

„ჩემი ოჯახის პირველი დამცველი მე ვარ, მაგრამ რადგან შორს ვარს, იმედი მაქვს ჩემი საახლობლო წრის, რომელიც მათ მიხედავს. როგორ ფიქრობთ, ქვეყანას, რომელიც გებრძვის, შენი ქვეყნის 20% აქვს წაღებული, დახოცილი ჰყავს შენი ხალხი და დღესაც იტაცებს, შენი პირადი საქმე რომ ჩაუვარდება ხელში, რომელ საფრთხეზეა საუბარი?!“ ,- ამბობს „ფორმულასთან“  მიხეილ ქამხაძე.

„ეს არის ღალატი“ – ოპოზიციის გამოხმაურებები

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის რუსების ხელში აღმოჩენას გამოეხმაურნენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

მათი თქმით, რუსულ მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, ფაქტობრივად, ადასტურებს წლების განმავლობაში არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელია განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამშობლოს ყიდის და ჯარისკაცებს ოკუპანტ რუსეთს „ცალობით აბარებს“.

„ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში.

ვიხილეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში.

ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს სახელმწიფოს ღალატია და ყველას უნდა ესმოდეს, რომ  შიდაპოლიტიკური ან პარტიული დაპირისპირება არაფერ შუაშია, რადგან ქვეყნის მტრებითვის გმირების შესახებ პირადი ინფორმაციის გადაცემაზეა საუბარი.

„წლების განმავლობაში, არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია წლების განმავლობაში.

გვახსოვს ტრისტან წითელაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ქართული სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა.
გვახსოვს გია ცერცვაძის საქმე, როდესაც ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ ინფორმაცია ასევე გადაეცა რუსეთს. უკვე არაერთი ფაქტი მიანიშნებს, რომ ეს თანამშრომლობა ნამდვილად არსებობს.

ჩვენ ასევე ვხედავთ სახელმწიფოს დამოკიდებულებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ. უკრაინაში დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვენებისას არა თუ სატანადო პატივს მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც კი ისმის მათი ბრძოლის შესახებ.

ეს დამოკიდებულება და ის, რაც ჩვენ სიუჟეტში ვნახეთ, აღარ არის მხოლოდ დამოკიდებულება. ეს უკვე ფაქტია – ჩვენ დავინახეთ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული რუსი ოკუპანტის ხელში“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან მოთხოვნა არ აქვს, რადგან არანაირი ილუზია არა აქვს, რომ „უწყება რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს“.

„ევროპული საქაერთველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველა ნაბიჯისა და მიხეილ ქამხაძის შემთხვევის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებს ან არ უპირისპირდებიან, რაც ნიშნავს რომ თანამშრომლობენ, ან პირდაპირ თანამშრომლობენ“.

„შესაძლოა იყოს ერთი ან ორი შემთხვევა, სადაც შეიძლება ლოგიკური ახსნა იყოს ან მტერმა შეიძლება მოგიხერხოს რაღაც ზიანი, მაგრამ როცა მთელი ეს პაკეტია შეგნებული ნაბიჯების, რომელიც პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც რუსეთის სასარგებლოდ დაზვერვაში და ჩვენი ქვეყნის მტრობაში მხილებული მსჯავრდებული ადამიანები იქნენ განთავისუფლებული მათ საქმეებში ჩაუხედავად, ისე არა, რომ ენახათ, უსამართლო იყო მათი განაჩენები, გასაიდუმლოებაც კი არ მომხდარა საქმეების, ისე გაუშვეს. თან კი არ გაცვალეს რუსეთში ჩვენს დაკავებულ მოქალაქეებში, უბრალოდ გაუშვეს. 

ამით რომ იწყება ამბავი და შემდეგ ამას წლების განმავლობაში მთელი რიგი ნაბიჯები მოჰყვება, ბუნებრივია, ყველა შემდეგი შემთხვევა ამის დასტურია. ამიტომაა მნიშნველოვანი, რომ არ მივცეთ მოქალაქეების რაღაც ნაწილის მოტყუების საშუალებაც კი ნარატივით, რომ ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ჩვენთან უსაფრთხოდ ხართ, არ დაგბომბავენ. ეს არის სიცრუე, ყველაფერი არის პირიქით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ 

მასალების გადაბეჭდვის წესი