ახალი ამბები

ზურაბიშვილი: 1802; 1921; 1992; 2008 – ეს თარიღები საქართველოს მუდამ ემახსოვრება

7 აგვისტო, 2022 • 888
ზურაბიშვილი: 1802; 1921; 1992; 2008 – ეს თარიღები საქართველოს მუდამ ემახსოვრება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სხვა თარიღებთან ერთად, 2008 წელიც ნათლად აჩვენებს რუსეთის დაუნდობელ პოლიტიკას.

„1802, 1921, 1992, 2008 – ეს არის თარიღები, რომელიც საქართველოს მუდამ ემახსოვრება. ისინი ნათლად აჩვენებენ რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას. საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთანაა,“ – წერს პრეზიდენტი.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომზე უკვე წლებია, რაც განხილვის საგანია. 2018 წელს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”, – განაცხადა ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის 2018 წლის 6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”.

ამ განცხადებებიდან მალევე, უკვე სექტემბერში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მან განმარტა:

“რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენობა; ასევე, აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან და წელს, როცა დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც აღიარებდა საქართველოს სუვერენობას და დამოუკიდებლობას. ვინ დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი? – ცხადია, რუსეთმა. რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით – საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასდროს შეჭრილა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ ელემენტარულ საკითხზე არავინ შეიძლება, დავობდეს.

“ამაზე არ ვმსჯელობდი მე. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. ვისი ინტერესია, რომ ამ საკითხზე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ?! მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე; არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი; არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები დაუცველი ჩვენი მოქალაქეები”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

წაიკითხეთ ვრცლად:


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი