ახალი ამბები

არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, – სალომე ზურაბიშვილი

17 სექტემბერი, 2018 • 7357
არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი განმარტება გააკეთა თემაზე, ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. როგორც ზურაბიშვილმა დღეს, 17 სექტემბერს, თავისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე განაცხადა, უსასრულოდ შეუძლია გაიმეოროს, რომ “რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია”.

“რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენობა; ასევე, აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან და წელს, როცა დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც აღიარებდა საქართველოს სუვერენობას და დამოუკიდებლობას. ვინ დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი? – ცხადია, რუსეთმა. რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით – საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასდროს შეჭრილა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ ელემენტარულ საკითხზე არავინ შეიძლება, დავობდეს.

“ამაზე არ ვმსჯელობდი მე. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. ვისი ინტერესია, რომ ამ საკითხზე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ?! მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე; არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი; არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები დაუცველი ჩვენი მოქალაქეები”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის აზრთ, მის მიმართ კონტექსტიდან ამოგლეჯილ განცხადებებზე კითხვების დასმის ნაცვლად უნდა დაისვას კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ არ მოუსმინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ევროპელი და ამერიკელი მეგობრების რჩევას, ასევე, რატომ დაელოდა 3 დღე და იმთავითვე აგრესორად არ გამოაცხადა რუსეთი.

“მანამდე გვესმოდა, სეპარატისტები არიან დამნაშავები და რუსეთი ვერ აკონტროლებს მის მიერვე მართულ სეპარატისტებსო. ამას გვეუბენოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, კონფლიქტ-მინისტრი და პრეზიდენტი. საერთაშორისო საზოგადოებას რატომ არ მივმართეთ და პირველივე დღეს რატომ არ ვთქვით საზღვარგარეთ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს შეიძლება ჩემი ართქმული ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო სააქმეთა მინისტრის იმდროინდელმა განცხადებებმა არ შეიძლება, რომ ავნოს საქართველოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში? არ მიყვარს და მერიდება ვიხმარო ეს სიტყვა, მაგრამ ვიკითხოთ, ვინ არის მოღალატე? – ვინ დააარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ვინ გააფართოვა ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური ზონა და სამხრეთ ოსეთად მონათლა? ვინ დატოვა მთელი ჩვენი შეიარაღება კოდორში და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები?”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ჩვენი ხელისუფლების დანაშაულზე რეალობა უნდა ვიცოდეთ.

საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

“მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”, – განაცხადა ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი