ახალი ამბები

2008 წლის ომის შედეგი დღეს ნათლად იგრძნობა მთელს ევროპაში – ევროპარლამენტარები

7 აგვისტო, 2022 •
2008 წლის ომის შედეგი დღეს ნათლად იგრძნობა მთელს ევროპაში – ევროპარლამენტარები

2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის თავზე ევროპარლამენტარები და საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც კიდევ ერთხელ გმობენ რუსულ აგრესიას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„14 წლის წინ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ ომის შედეგები დღეს ნათლად იგრძნობა მთელს ევროპაში. რუსულმა აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, ხელი შეუწყო ყირიმის ანექსიას 2014 წელს და სრულფასოვან, არალეგალურ, გაუმართლებელ და უსაფუძვლო აგრესიულ ომს უკრაინაში 2022 წელს.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო, განგრძობად ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას, ასევე ნებისმიერ ნაბიჯს, საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის დე-ფაქტო ანექსიისკენ,“ – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრი ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

განცხადებას ხელს აწერენ საკონტაქტო ჯგუფის წევრები: პეტრას აუსტრევიჩუსი; მაიკლ გალერი; მარინა კალიურანდი; ანდრიუს კუბილიუსი; სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი;

 


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი