ახალი ამბები

„დავიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას“ – ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო პელოსის ტაივანში ვიზიტზე

2 აგვისტო, 2022 • 1046
„დავიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას“ – ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო პელოსის ტაივანში ვიზიტზე

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთის მთავრობასთან აფილირებული მედიასაშუალება „გლობალ თაიმზი“ ჩინეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს ავრცელებს.

„შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის პასუხად, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია „დაიწყებს მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციების სერიას … და მტკიცედ დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ნენსი პელოსისა და კონგრესის დელეგაციის წევრებმა ტაივანში ჩასვლისთანავე გაავრცელეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ტაივანს და ამბობენ, რომ ვიზიტი აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გადახვევა არ არის.

„კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიისადმი“, – წერია განცხადებაში.

დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის წინააღმდებობის მიუხედვად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა.

მისი თვითმფრინავი ტაივანის აეროპორტში სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა, ნენსი პელოსი თბილისის დორით 18:53 საათზე ჩამოვიდა თვითმფრინავიდან.

პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდებოდა მასალები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ემზადებოდნენ ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ტანკები პროვინცია ფუჯიანის სანაპიროზე, რომელიც ტაივანის კუნძულთან მდებარეობს.

როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, პენტაგონი განუწყვეტლივ აკვირდება რეგიონში ჩინელთა ნებისმიერ გადაადგილებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი