ახალი ამბები

ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანში დაეშვა

2 აგვისტო, 2022 •
ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანში დაეშვა

დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის წინააღმდებობის მიუხედვად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა.

მისი თვითმფრინავი ტაივანის აეროპორტში სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა, ნენსი პელოსი თბილისის დროით 18:53 საათზე ჩამოვიდა თვითმფრინავიდან.

სპიკერი პელოსი ტაივანში, სავარაუდოდ,  ერთი ღამით გაჩერდება.

კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 ივლისს დაიწყო – ოფიციალურ მარშრუტში შედის იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და სინგაპური.

სპიკერის საჯარო მარშრუტში ტაივანში ვიზიტი აღნიშნული იყო, როგორც „სავარაუდო“.

გასულ კვირაში ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით, ვიზიტი ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, თუმცა, არც გაუქმებული.

82 წლის ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.

მანამდე არაერთი განცხადება გაკეთდა სპიკერის შესაძლო ვიზიტის შესახებ ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ თუ ასეთი ვიზიტი შედგება და ჩინეთი მიიჩნევს, რომ მისი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეშია“, ჩინეთის არმია „უსაქმოდ არ იჯდება“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ აშშ-ს, რომ ჩინეთი მზადყოფნაშია და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია არასოდეს იჯდება უსაქმოდ. ჩინეთი მტკიცე პასუხს გასცემს და ძლიერ ზომებს მიიღებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. თუ ის (პელოსი) გაბედავს წასვლას, მაშინ დაველოდოთ და ვნახოთ“, – უთხრა ჟურნალისტებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა.

პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდებოდა მასალები, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ ემზადებოდნენ ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ტანკები პროვინცია ფუჯიანის სანაპიროზე, რომელიც ტაივანის კუნძულთან მდებარეობს.

როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, პენტაგონი განუწყვეტლივ აკვირდება რეგიონში ჩინელთა ნებისმიერ გადაადგილებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.

ვრცლლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი