საია

საია ეხმიანება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესების დაჩქარებულად დანიშვნას. ასევე, სხდომის დარბაზიდან ადვოკატების (ბექა ბასილაიას და დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევების და საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხს.

საიას შეფასებით, დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთი თვითნებური გამოყენება, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩინდეს.

“ამასთან, საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე ეს სისხლის სამართლის საქმე პროცესის წარმართვის მოდალობებშიც ავლენს პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს.

იმ პირობებშიც კი, რომ მოსამართლე თ. მახარობლიძემ საია, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებელი, პროცესებს არ დაასწრო მათი დახურვის შემდეგ, საია ამ საქმის მასალებს დეტალურად სწავლობს და საზოგადოებას მომავალში გააცნობს შესაბამის შეფასებას ამ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსობრივი და პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფაზე”, – აცხადებენ საიაში.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალი შემდეგი მუხლებით აქვთ წარდგენილი:

მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ელენე ხოშტარიას – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.

არცერთი პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს – ისინი წარდგენილ  ბრალდებას პოლიტიკური დევნად აფასებენ.

ბადრი ჯაფარიძემ,  „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ   „თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს, არის ამის მსგავსი პროცესები. ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ. ეს არის დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“.

გიორგი ვაშაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის,  თქმით:  „ეს საქმე რაზეა, იცით? რომ ჩვენ გავჩუმდეთ, უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რომ ჩვენ გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია. შევეგუოთ ამას. აი, ამაზეა ეს ყველაფერი. საქმეში დევს: ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი. მეტი არაფერი არ არის ჩადებული.

ზურაბ ჯაფარიძის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის თქმით, სინამდვილეში იმიტომ ასამართლებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი:

“მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით ოცამდე პოლიციელის ჩვენებები. [სადაც ისინი] უბრალოდ ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვითომ დაინახეს და მე, ვიღაცა, რომ ერთად ხალხს მოვუწოდებდით, რომ აბა, გავექანეთ ახლა და შევარდით პარლამენტში. იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, რომ ცეცხლი წაუკიდეთ და აი, რაღაც ეგეთი სიგიჟეები წერია.

მაგის მიღმა რაც აქვთ, არის ვიდეო და აუდიოჩანაწერები გაკეთებული საჯარო შეხვედრებიდან — მე, ლაკა [ელენე ხოშტარია], ვაშაძე — სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან რაღაც ჩანაწერები, რომელიც მანამდე „იმედმაც“ ატრიალა.

მეორე საქმე არის ეს “მტრული სახელმწიფოებისთვის” რაღაცა დახმარება “ქვეყნის დასუსტების [მიზნით]”, სადაც საუბარი არის კონკრეტულად იმაზე, რომ ჩვენ, პოლიტიკოსების ნაწილი, ვმუშაობდით სხვადასხვა ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაესანქცირებინათ საქართველოში „ქართული ოცნების“ ლიდერები. მთავარი ამბავი არის ბიძინას დასანქცირება. სინამდვილეში გვასამართლებენ იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი.“

მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,  სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“.

ნიკა გვარამიამ, პარტია “ახალის” დამფუძნებელმა თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ედავება პროკურატურა:

“პირველი საქმე არაა ჩემი. პირველი საქმე არაა, რომელიც ვიცი. მიშას ყველა საქმე ვიცი, ჩემი საქმეებიც ვიცი. მაგრამ ეს საქმე 40 ტომი ხომ არის? ვეძებე და ვერ ვიპოვე „ნიკა გვარამია“, რომელიც ქვემდებარე არის და რომელიმე შემასმენელი ახლავს თან — რომ აი, ნიკა გვარამია ახორციელებდა დანაშაულს. 40 ტომში არის სულ 2 წინადადება, სადაც ნახსენები ვარ და ჯობია, რომ არ ვიყო. ადრე ის მაინც ვიცოდი, რა ჩამითვალეს დანაშაულად — ცოლი დავსვი სამსახურის მანქანაზე და წულუკიანთან არ მივედი”.

8 ოპოზიციონერი ლიდერიდან აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არცერთს არა აქვს შეფარდებული – ხაზარაძე-ჯაფარიძეს აღმკვეთ ღონისძიებად  მილიონ-მილიონი ლარის გირაო აქვთ შეფარდებული, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს- 30 000 ლარი, გრიგოლ ვაშაძეს- 30 000 ლარი.
უკვე პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა არ ყოფილა სასამართლოში, რადგან ისედაც პატიმრობაში არიან.