ახალი ამბები

ტაივანი, როგორც „ტესტი“ ვაშინგტონისთვის

13 ოქტომბერი, 2021 • 2975
ტაივანი, როგორც „ტესტი“ ვაშინგტონისთვის

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ახალი გამოცდის — ტაივანის საკითხის წინაშე დგას.

ბოლო დროს პეკინის საჰაერო ძალებმა ტაივანის „საჰაერო დაცვის იდენტიფიკაციის ზონა“ არაერთხელ გადაკვეთეს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა კი ხაზი გაუსვა, რომ გეგმავს, ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

ამავე დროს, ვაშინგტონს ტაივანთან არაფორმალური სამხედრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ამერიკელი სამხედროები მინიმუმ ერთი წელია, რაც ტაივანში არიან განლაგებულნი.

წინაისტორია

1927 წელს ჩინეთის მაშინდელ ხელისუფლებასა და კომუნისტურ პარტიას შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. იაპონიასთან ომის დაწყების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ დროებით ზავზე და იაპონიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე.

1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კონფლიქტი განახლდა. 1949 წლისთვის კომუნისტურმა პარტიამ კონტინენტურ ჩინეთზე კონტროლი დაამყარა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა, გენერალ ჩან კაიშის მეთაურობით, ტაივანის კუნძულზე გადავიდა.

მას შემდეგ ორივე მხარე თავს აცხადებდა ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად . 1971 წლამდე ჩინეთის ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთის რესპუბლიკას — ანუ ტაივანზე არსებულ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. თუმცა 1979 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აღიარა მთელი ქვეყნის „ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად“.

სი ძინპინის „ქვეყნის გაერთიანების“ ამბიციები

ჩინეთში მონარქიის დაცემისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ  ტაივანისა და ჩინეთის გარდაუვალი „გაერთიანების“ პერიოდში ხელისუფლებაში ყოფნა სურს.

მისი თქმით, სურს, რომ აღნიშნული გაერთიანება „მშვიდობიანი“ იყოს. ამავე დროს, სი ძინპინი ტაივანის ხელისუფლებას ერთგვარად დაემუქრა:

„ისინი, ვინც თავის წარმომავლობას ივიწყებენ, ღალატობენ თავის ქვეყანას და მის დაშლას ცდილობენ, კარგად ვერ დაამთავრებენ“.

მანამდე სი ძინპინმა, მიუხედავად 1997 წელს დადებული შეთანხმებისა, პეკინის კონტროლის ქვეშ მოაქცია ჰონგ-კონგი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისგან ფართო ავტონომიით სარგებლობდა.

2021 წლიდან სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ავიაციამ მოუხშირა ტაივანის „საჰაერო დაცვის იდენტიფიკაციის ზონის“ დარღვევას.

კორპორაცია RAND-ის პოლიტიკის მეცნიერმა, რეიმონდ კუომ „ვოქსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ამ სახით სახალხო რესპუბლიკა ცდილობს აჩვენოს მსოფლიოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ტაივანი ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის.

მისი აზრით, ამ ნაბიჯებით პეკინი ასევე პასუხობს ვაშინგტონის მიერ კოალიციის ფორმირებას წყნარი ოკეანის რეგიონში.

ამგვარად, მიიჩნევს კუო, ტაივანის საკითხი იქნება მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის — იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისა და ფილიპინებისთვის — თუ რამდენად იცავს აშშ თავის დაპირებებს და რამდენად მიმწოლია პეკინი.

შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა?

სი ძინპინის გამოსვლას უპასუხა ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა. მისი თქმით, ტაივანი თავდაცვას გააძლიერებს, რათა უზრუნველყოს, რომ „ვერავინ აიძულოს ტაივანი, წავიდეს იმ გზით, რომელიც [კომუნისტურმა] ჩინეთმა გაგვიმზადა“.

ტაივანის თავდაცვის მინისტრი ცუ კუო-ჩენგი კი ღიად საუბრობს შეიარაღებული კონფლიქტის სცენარის შესაძლებლობაზე. კუო-ჩენგის განცხადებით, ჩინეთის პროვოკაციები „ყველაზე სერიოზულია“ ბოლო 40 წლის განმავლობაში.

მისი თქმით, ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევის ფონზე,  „შემთხვევით გასროლასაც“ შეუძლია კონფლიქტის პროვოცირება. მისივე ვარაუდით, ჩინეთი ტაივანში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის 2025 წლისთვის იქნება მზად.

ვაშინგტონის პასუხი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საჯარო განცხადებებში სიტუაციის დამშვიდება სცადა. სექტემბერში, გაეროში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ არ სურს ახალი „ცივი ომი“ ჩინეთთან.

მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ესაუბრა სი ძინპინს ჩინეთთან დაკავშირებით:

„შევთანხმდით, რომ დავიცავდით ტაივანის შეთანხმებას… ნათელი გავხადეთ, რომ  შეთანხმების დაცვის გარდა, [სი ძინპინი] არაფერი არ უნდა გააკეთოს“.

შეთანხმებაში ბაიდენმა, სავარაუდოდ, იგულისხმა კონგრესის მიერ 1979 წელს მიღებული „ტაივანთან ურთიერთობის კანონი“, რომლის თანახმადაც, კუნძულის ბედი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, ხოლო ვაშინგტონის მიერ პეკინის ხელისუფლების აღიარება სწორედ ამ პირობაზეა დამოკიდებული.

ამავე კანონის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, ტაივანს იარაღის ყიდვის უფლება მისცეს თავდაცვისთვის.

გარდა ამისა, ხუთი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამართველოში ჩინეთზე მომუშავე ახალი დეპარტამენტი გაჩნდა.

საჭიროების შემთხვევაში, ტაივანის თავდაცვას სამხედრო გზით ამერიკელთა 52% ემხრობა, იტყობინება „ამერიკის ხმა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი