ახალი ამბები

ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა საპატიმრო სასჯელი 9 წლამდე გაუზარდა

2 აგვისტო, 2022 •
ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა საპატიმრო სასჯელი 9 წლამდე გაუზარდა

უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლევან ზურაბაშვილს საპატიმრო სასჯელი 9 წლამდე გაუზარდა. როგორც ზურაბაშვილის ადვოკატი ბექა ჯანელიძე „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, ამრიგად უზენაესმა შეცვალა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი 7 წლამდე შეუმცირა.

ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბაშვილს ბრალი ჰქონდა გადაკვალიფიცირებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით და ამრიგად, სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

თუმცა უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზურაბაშვილს ბრალი კვლავ მძევლების აყვანის მუხლით დაუკვალიფიცირა, შესაბამისად კი, სასჯელის ზომაც გაუზარდა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ამჟამად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდება, რის შემდეგაც მსჯავრდებულთან ერთად განიხილავენ, წაიღებენ თუ არა საქმეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯანელიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ზურაბაშვილს თავისუფლება უკანონოდ არავისთვის აღუკვეთავს. კერძოდ, ადვოკატის თქმით,  ზურაბაშვილმა რამდენიმე ადამიანს ბანკის დატოვების შესაძლებლობა მისცა.

ლევან ზურაბაშვილი პოლიციამ 20 ნოემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში 17 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.

დაკავებული სამ მოთხოვნას აყენებდა:

  • აიკრძალოს აზარტული თამაშები;
  • ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი