ახალი ამბები

„სოლიდარობა ლევან ზურაბაშვილს!“ – სასამართლოსთან აქცია იგეგმება

9 იანვარი, 2021 • 1061
„სოლიდარობა ლევან ზურაბაშვილს!“ – სასამართლოსთან აქცია იგეგმება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 11 იანვარს ლევან ზურაბაშვილის მხარდამჭერი აქცია – „სოლიდარობა ლევან ზურაბაშვილს!“ იგეგმება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სასამართლოსთან 12:00 საათზე მივლენ, ამავე დღეს, ჩანიშნულია ზურაბაშვილის საქმის განხილვაც.

„ჩვენ ვიზიარებთ ლევანის მოთხოვნებს და ვეწინააღმდეგებით ბანკების, აზარტული თამაშების და ფარმაცევტული ბაზრის მიერ ხალხის ძარცვას; მთელი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მძევლად აყვანას!,“ – ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს იქნება პირველი აქცია, თუმცა, არა უკანასკნელი.

„აქცია კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა თუ ჯგუფს და წარმოადგენს მხოლოდ სახალხო ბრძოლას. პანდემიასთან დაკავშირებით ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს,“ – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.


20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და თქვა, რომ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ის მძევლებს აიყვანს. პოლიციის ცნობით, ამ დროს ოფისში 17 ადამიანი იმყოფებოდა.

ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში რამდენიმე საათს იმყოფებოდა, საიდანაც მისი მოთხოვნები გააჟღერა. როგორც პროკურატურამ შემდგომ განაცხადა –  ზურაბაშვილმა „ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით“ მძევლები აიყვანა.

საბოლოოდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ის სამ მოთხოვნას აყენებდა:

  • აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
  • ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

ბრალი წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. აღნიშნული მუხლი 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის სახით 23 ნოემბერს პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი