ახალი ამბები

ლევან ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა

18 იანვარი, 2021 • 1055
ლევან ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა

ლევან ზურაბაშვილი, რომელსაც ბრალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანაში ედება და 9- დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობს. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

კობაიძე თქმით, ზურაბაშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიცი მსაჯულები შესაძლებელია მოისყიდონ:

“მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ვუსაბუთებდით, რომ კარგი იქნებოდა, ნაფიცი მსახჯულების სასამართლო აერჩია, მისი კატეგორული მოთხოვნა იყო, რომ ნაფიც მსაჯულებს ადვილად მოისყიდიან. ხალხის იმედი აქვს და თუ ხალხი გაამტყუნებდა მას, გამოვიდოდა, რომ რისთვისაც იბრძოდა, ეს იდეა მოკვდებოდა. 

ამიტომ, გადაწყვიტა, ისევ სასამართლომ განსაჯოს მისი ბედი. მან იცის, რომ ისედაც განწირულია და ყოველგვარ პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს… არ უნდოდა ხალხს დაკისრებოდა ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან ზურაბაშვილი ასევე მოითხოვს, მის საქმეზე სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართოს და არ ჩატარდეს დისტანციურად:

“მისი მთავარი მოთხოვნაა, პროცესები ჩატარდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და არა დისტანციურად. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან და არ დაჰყავთ სასამართლო პროცესებზე, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლება”, – აცხადებს ადვოკატი.


ლევან ზურაბაშვილი პოლიციამ 20 ნოემბერს დააკავა.  შსს-ს ცნობით, მას ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში 17 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.

დაკავებული სამ მოთხოვნას აყენებდა:

  • აიკრძალოს აზარტული თამაშები;
  • ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი