ახალი ამბები

ლევან ზურაბაშვილი პატიმრობაში დატოვეს

11 იანვარი, 2021 • 2611
ლევან ზურაბაშვილი პატიმრობაში დატოვეს

დღეს, 11 იანვარს, თბილისის  საქალაქო სასამართლოში ზურაბაშვილის საქმის განხილვა გაიმართა, რა დროსაც ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით გამოვიდა. ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ზურაბაშვილი პატიმრობაში დატოვა.

20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და თქვა, რომ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მძევლებს აიყვანდა. პოლიციის ცნობით, ამ დროს ოფისში 17 ადამიანი იმყოფებოდა.

ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში რამდენიმე საათს იმყოფებოდა, საიდანაც მისი მოთხოვნები გაახმიანა. როგორც პროკურატურამ შემდგომ განაცხადა,  ზურაბაშვილმა „ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით“ მძევლები აიყვანა.

საბოლოოდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ის სამ მოთხოვნას აყენებდა:

  • აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
  • ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

ბრალი წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. აღნიშნული მუხლი 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის სახით 23 ნოემბერს პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი