ახალი ამბები

პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ პროვოკაციებს – აზარაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დაბინავებაზე

1 აგვისტო, 2022 •
პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ პროვოკაციებს – აზარაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დაბინავებაზე

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილის თქმით, სპეკულაციაა განცხადებები იმის შესახებ, რომ მთავრობა ქუჩაში ტოვებს საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს. ამის შესახებ მან დღეს, პირველ აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების ოდენობა გადაწყვიტა სხვა ქვეყნების პრაქტიკისა და ადგილობრივი დევნილებისთვის განზსაზღვრული დახმარების მიხედვით.

„ივლისში გამოიცა მთავრობის დადგენილება და მარტიდან სასტუმროებში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის და ასევე მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროებში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულ ოჯახს სახელმწიფო ეხმარება 300 ლარით და ასევეთი თითოეულ ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს – 45 ლარით.

მინდა მოკლედ განვმარტო, საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკა არის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული არიან და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ჩვენს შემთხვევაში, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასმდე დევნილი ჩვენი თანამემამულე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის. მათთვისაც ზუსტად ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ თითოეულ ჩვენს დევნილს ბინის საქირავებლად  და 45-ლარიან დახმარებას“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიზანშეუწონელია უკრაინელი ლტოლვილების საკითხებით სპეკულირება და „პოლიტიკურ თემებში გადაყვანა“.

„მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული, თავი დაანებონ პროვოკაციებს. დღეიდან ლტოლვილების დიდი ნაწილი სასტუმროებიდან გამოვიდნენ და უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხათ ეს დახმარება. დევნილების სააგენტოს თანამშრომლები 3 კვირის განმავლობაში დადიოდნენ ამ 40 სასტუმროში და ყველა ლტოლვილს, მათთან დამოუკიდებლად და ლიბერთი ბანკთან შეთანხმებით, გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ყველა ამ ადამიანს ჩარიცხული აქვს შესაბამისი დახმარებები. ის რაღაც სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ეს ასე არ არის.

ამ თანხების ფარგლებში ჩვენ ასევე ვთავაზობთ ბინებს, სხვადასხვა რაიონში ჩემმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები, სადაც შესაძლებელია მათი ქირაობა და ამას სთავაზობენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


საქართველოში უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა სწორედ დღეს დასრულდა.

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოშვება ხელისუფლების მტრული ნაბიჯი და ქვეყნის სირცხვილია. ხოშტარია საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიზნესს, მიმართავს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დაბინავებაში დაეხმარნონ.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს, რომ გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს — ხოშტარია

მასალების გადაბეჭდვის წესი