ახალი ამბები

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს, რომ გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს — ხოშტარია

1 აგვისტო, 2022 •
მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს, რომ გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს — ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიზნესს, მიმართავს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დაბინავებაში დაეხმარნონ.

ამის შესახებ ხოშტარიამ დღეს, პირველ აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა სწორედ დღეს დასრულდა.

ელენე ხოშტარიას თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოშვება ხელისუფლების მტრული ნაბიჯი და ქვეყნის სირცხვილია.

„ამ წუთებში, როდესაც უკრაინაში რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაეულების ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას და იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში. ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას, მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია და, სამწუხაროდ, რესურსი ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების ამოწურულია. თუ ეს ასე არ არის, მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენს ქვეყანას, გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინელთა ათასმდე ოჯახი იმყოფება. მისი თქმით, დღის ბოლოს სრული სურათი ექნებათ, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს სახლს და საკვებს.

უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ და აღნიშნა, რომ მათთვის განკუთვნილი პროგრამა წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა.

რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი