ახალი ამბები

ავიაკატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ქარი იყო – მფრინავი შამილ ქორთოშიძე

30 ივლისი, 2022 •
ავიაკატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ქარი იყო – მფრინავი შამილ ქორთოშიძე

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მფრინავი შამილ ქორთოშიძე ვარაუდობს, რომ გუდაურში ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი ქარი იყო.

„ტექნიკა გამართული იყო, ეკიპაჟი საკმაოდ გამოცდილი. ალბათ ქარის ფაქტორი იყო. ის [ადგილი], სადაც პარაპლანისტი იყო ჩავარდნილი, კლდესთან ახლოს იყო. როცა უნდა დაეწყოთ სამაშველო ოპერაცია, ჩემი აზრით, ამ დროს ქარი შეიცვალა და ამ ქარმა დაუბერა, შეატრიალა ოდნავ შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს“, – განაცხადა ქორთოშაძემ 29 ივლისს „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

„შეჯახების შემდეგ, ინერციით გადმოაგდო უკან კუდის მხარე და დაიწყო ბზრიალი. ამ დროს [პილოტი] შეეცადა შვეულმფრენის გაჩერებას და ეს დაზიანებული კუდი რომ იყო, გადატყდა, რაც კადრშიც ჩანს. ამის შემდეგ [ვერტმფრენი] უმართავი გახდა“, – აცხადებს ქორთოშიძე.

მისი თქმით, არსებობს „შავი ყუთი“, სადაც იწერება შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან კომუნიკაცია და ზუსტი მიზეზი მას შემდეგ გაირკვევა, რაც შავი ყუთი იქნება ამოღებული და „გახსნილი“. „სანამ კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვით“, – ამბობს იგი.

მისი თქმით, შვეულმფრენი ტექნიკურად გამართული იყო, ხოლო ზაზა ლორიას, რომელიც შვეულმფრენს მართავდა, ფრენისა და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის 32 წლიანი გამოცდილება ჰქონდა: „ასე რომ, ამას ვერც ეკიპაჟის შეცდომას დავარქმევთ და ვერც ტექნიკის გაუმართავობას. ალბათ, ქარის ფაქტორმა იმოქმედა“, – განაცხადა მან.


პარასკევს, 29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.

ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც.

ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.

ცხედრების ამოსვენება შაბათ დილისთვის უკვე დასრულებული იყო.

საქმის გამოძიება გრძელდება.


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისი აზრით, პარაპლანით ფრენები დროებით უნდა შეჩერდეს და აიკრძალოს, შესწავლილი იქნეს, როგორაა რეგულირებული, რა იწვევს პარაპლანისტების დაღუპვას, და შემდეგ გაიცეს ლიცენზიები პროფესიონალებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი