საავტომობილო გზების ინფორმაციით, გუდაურში, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დღეს, 29 ივლისს, პარაპლანისტები გუდაურში კლდეს შეეჯახნენ. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სწორედ მათ გადასარჩენად იყო ადგილზე მისული.
ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ვერტმფრენი უკანა პროპელერით ეხება კლდეს, პროპელერი სძვრება, ვერტმფრენი ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.
შსს-ს თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა ან დაღუპულთა რაოდენობა, ასევე, რა მდგომარეობაში არიან მანამდე ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტები.