ახალი ამბები

დემნა გვასალია უკრაინის დახმარების ფონდის ელჩი გახდა

28 ივლისი, 2022 • 1023
დემნა გვასალია უკრაინის დახმარების ფონდის ელჩი გახდა

Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩი გახდა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

მისი ინფორმაციით, გვასალია იქნება “უკრაინის აღდგენის” მიმართულების ელჩი, იძულებით გადაადგილებულთა დასახმარებლად.

“Balenciaga-მ შექმნა სპეციალური მაისური პლატფორმის მხარდასაჭერად. ამ მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით. გმადლობთ, რომ მხარს უჭერთ უკრაინას!” — წერს ზელენსკი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მცირე ხნის შემდეგ, 6 მარტს, პარიზის მოდის კვირეულზე გამართული ჩვენება დემნა გვასალიამ სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიუძღვნა.

Balenciaga-ს ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე უკრაინის დროშა და დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა დახვდათ, სადაც ის თავის პირად ტკივილზე და ომის საშინელებაზე საუბრობდა.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი