ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“დემნა ჩემი მოტივატორია” – სტუდენტი გალიდან, რომელიც პარიზში სწავლაზე ოცნებობს

27 მარტი, 2022 •
“დემნა ჩემი მოტივატორია” – სტუდენტი გალიდან, რომელიც პარიზში სწავლაზე ოცნებობს

“ცნობილი კადრი მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროდან, სადაც ორსული ქალი საკაცით გამოჰყავთ,  მისი ნახვისთანავე დავხატე. თვალწინ დამიდგა აფხაზეთის ომის ტრაგედია, რომელიც მე არასოდეს მინახავს და მხოლოდ მშობლების გადმოცემით ვიცი”, – ამბობს 20 წლის გალელი ქრისტი ჩხეტია.

აფხაზეთის ომი და უკრაინა

ჩემთვის ომის თემა არ არის უცხო. მთელი ბავშვობა მესმოდა მშობლებისგან მათ თავს გადახდენილი აფხაზეთის ომი. ჩემს ცნობიერებაში ეს ამბები ფილმის კადრებს ჰგავდა. დღეს კი, როცა ჩვენ თავად ვართ უკრაინის ომის მომსწრე და ვადევნებთ თვალს, სულ სხვა ემოცია მაქვს. უფრო მტკივნეულია, თითქოს. ამ ნახატის ინსპირაციაც ჩემი პირადი ისტორია იყო. მინდოდა უკრაინელების ტრაგედია ტილოზე დამეხატა. დახატვიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ეს ორსული გარდაიცვალა. ცუდი შეგრძნება იყო.

მე აფხაზეთის ომი არ გამივლია. ჩემი მშობლებიც მაშინ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ისინი აფხაზეთის ომის დროს აქეთ წამოვიდნენ, თუმცა ისევ გალში მოუწიათ დაბრუნება, უკვე სამუდამოდ. ბებიაჩემის დიდი სურვილი იყო, თავად დაბრუნებულიყო გალში და იქ გარდაცვლილიყო. მარტო კი ვერ დაბრუნდებოდა. ამიტომ ჩემი მშობლებიც დაბრუნდნენ.

ცხოვრება გალში 

მე გალში დავიბადე. სკოლაც იქ დავამთავრე. სკოლაში სწავლა რუსულ ენაზე მოგვიწია და ეს ცოტა რთული იყო. მერე კი უკვე ქართულ ენაზე გამიჭირდა თბილისში, რადგან მოკლე პერიოდში რუსულიდან ქართულზე გადმოვეწყვე.

აფხაზეთში სპორტითაც ვიყავი დაკავებული. შეჯიბრებებზე დავდიოდით სოხუმში, გაგრაში. მთელი ეს პერიოდი მე აფხაზებისგან არ მიგვრძნია რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით – ძალიან მეგობრულები იყვნენ ეთნიკური ქართველების მიმართ. ბევრი აფხაზი მეგობარიც შევიძინე. ძალიან უნდათ აქეთ ჩამოსვლა და აქაურობის დათვალიერება.

თბილისი

თბილისში სამი წლის წინ ჩამოვედი და სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტზე დავიწყე. მოგვიანებით გავიგე, რომ შემეძლო მეორე ფაკულტეტის არჩევაც. ბევრი ფიქრის გარეშე სახვითი ხელოვნება ავირჩიე.

ხატვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. მოგეხსენებათ, გალში გასართობი ბევრი არაფერი გვქონდა და თავისუფალ დროს სულ ვხატავდი. თუმცა ამ კუთხით პროფესიული განათლება არ მიმიღია. აქამდე არც იმაზე მიფიქრია, რომ შეიძლება ნახატებით ფული გამოვიმუშაო. ბოლო პერიოდში კი რამდენიმე ნახატი გავყიდე. პორტრეტების შეკვეთებიც მივიღე. მინდა ამ ფულით კომპიუტერი ვიყიდო და გრაფიკული დიზაინი ვისწავლო. ტელეფონში უფრო რთულია ხატვა.

დემნა გვასალია – მოტივატორი

ჩემი ოცნებაა პარიზში წასვლა და იქ ტანსაცმლის დიზაინის სწავლა. ძალიან მინდა ოდესმე სოხუმში მოვაწყო ჩვენება. დემნა გვასალია ჩემი დიდი მოტივაციის წყაროა, რადგან ისიც აფხაზეთიდანაა. იმედია, მასაც გავიცნობ ოდესმე.

აფხაზეთი

ზოგადად მომავალი კი აფხაზეთიდან შორს ვერ წამომიდგენია. მიყვარს იქაურობა. თბილისში ყოფნის დროსაც სულ იქითკენ მინდება წასვლა. მე ნებისმიერ დროს შემიძლია იქით გადასვლა, საბუთი მაქვს. თუმცა ჩემი აბიტურიენტობის დროს საზღვარი ჩაკეტილი იყო და არავის უშვებდნენ ენგურს გაღმა. მე კი აქეთ ეროვნული გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი. მაშინ ჩემმა მშობლებმა გამშვებ პუნქტზე ფული გადაიხადეს [500 ლარი] რომ გამოვეტარებინე აქეთ. ჩემ გარდა ფულის გადახდა სხვა აბიტურიენტებსაც მოუწიათ.

უკრაინის მხარდაჭერა გალში

მე არ ვიცნობ გალში ვინმეს, ვინც შინაგანად უკრაინას არ უჭერს მხარს. უბრალოდ, ამ თანაგრძნობაზე საჯაროდ და ხმამაღლა ვერავინ საუბრობს. რუსეთის მიმართ რაიმე ღია პროტესტს იქ ვერავინ გაბედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი