აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, რომელიც აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული საქართველოს მოქალაქე საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა აფხაზეთში კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას, რომელსაც თავის მხრივ, ქართული მხარე აფხაზეთის უსაფრთხოების და მისი სუვერენიტეტის საზიანოდ გამოიყენებდა.
უწყების განცხადებითვე, ამოღებული საკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება “ჯაშუშობის” მუხლით დაიწყო.
თუმცა ვიდეოში, რომელიც აფხაზურმა უწყებამ გაავრცელა, დანაშაულის მტკიცებულებებად ნაჩვენებია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი და ფურცლის ნაგლეჯზე ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც, სავარაუდოდ, მას გარკვეული მედიკამენტების შეძენას სთხოვენ.
თბილისის მხრიდან აფხაზეთში სპეცსამსახურების შესაძლო მუშაობაზე დე ფაქტო ხელისუფლება მას შემდეგ საუბრობს, რაც აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელად ინალ არძინბა დაინიშნა. მისი განცხადებით, ქართული სპეცსამსახურების საქმიანობის მიზანია, შექმნას გავლენის ჯაშუშური ქსელი, პირველ რიგში, ახალგაზრდებს შორის. ამასთან, დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ პოსტზე დანიშვნიდან [2021 წლის 17 ნოემბერი] რამდენიმე დღეში აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაეროს განვითარების პროგრამა] შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.
ასევე, 15 ივნისს ასლან ბჟანიამ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, აფხაზეთის “დაცვის სახელმწიფო სამსახურის” შექმნის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს არამეგობრული ქვეყნების დივერსიებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში სპეცსამსახურების ჩანერგვის მოლოდინზე ისაუბრა.
ბჟანია აფხაზეთში აგენტების ჩანერგვაზე, შესაძლო დივერსიებსა და პროვოკაციაზე საუბრობს