ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია აფხაზეთში აგენტების ჩანერგვაზე, შესაძლო დივერსიებსა და პროვოკაციაზე საუბრობს

15 ივნისი, 2022 • 2224
ბჟანია აფხაზეთში აგენტების ჩანერგვაზე, შესაძლო დივერსიებსა და პროვოკაციაზე საუბრობს

თბილისის მხრიდან აფხაზეთში სპეცსამსახურების შესაძლო მუშაობაზე ინალ არძინბას [აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი] შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანიაც საუბრობს.

არძინბა აცხადებს, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთში მიზნები აქვთ

დღეს, 15 ივნისს, ასლან ბჟანიამ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, აფხაზეთის “დაცვის სახელმწიფო სამსახურის” შექმნის 30 წლისთავს მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს არამეგობრული ქვეყნების დივერსიებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში სპეცსამსახურების ჩანერგვის მოლოდინზე ისაუბრა.

“ის, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ხდება და ის, რომ რუსეთს არ ჰყავს ბევრი ჭეშმარიტი მოკავშირე, აფხაზეთი უხილავი ფრონტის პირველ პლანზე გადაჰყავს. ჩვენ გადავდივართ გაყინული ომის ფაზაში, რომელიც, თავის მხრივ, ბირთვული ომის ზღვარზეა. ჩვენი გეოგრაფიისა და რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ამ უხილავ ფრონტში ჩვენ ავანგარდში ვართ. და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენთან ეს სამუშაოები – ხელისუფლების ორგანოებში აგენტურის მეშვეობით შემოღწევა, “მიძინებული” აგენტების შექმნა, რომლებიც საჭირო დროს იქნებიან ამოქმედებული. ქვეყნის შიგნით სიტუაციის რყევები ობიექტური პრობლემების გამოყენებით, ზოგ შემთხვევაში ადამიანებსაც გამოიყენებენ ისე, რომ ამის შესახებ მათ არც ეცოდინებათ. აი, ასეთი სქემები იქნება გამოყენებული”.

ამასთან, როგორც დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ და დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ  განაცხადეს დღეს “საქართველოსთან საზღვარზე ფიქსირდება სამხედროების გადაადგილება და NATO-ს უპილოტო საფრენი აპარატები, რაც შესაძლოა, სამხედრო მოქმედებების მზადებად შეფასდეს”.

“ირღვევა ჩვენი ტერიტორიის საჰაერო საზღვრები. სერიოზული გამოცდისთვის, სერიოზული სამხედრო აქციებისთვის მიმდინარეობს მზადება”.

რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც განაცხადა, რომ აფხაზეთში რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქართული სპეცსამსახურები აფხაზეთში საკუთარ ინტერესებს ატარებენ.

არძინბას განცხადებითვე, საქართველოს მთავრობის მხრიდან, დასავლელი მრჩევლების ინიციატივით, შეიმჩნევა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციის, მათ შორის, კონფლიქტების პროვოცირების ინტერესის ტენდენცია, რაც გამოიხატებაში იმაში, რომ “ანონიმური ანგარიშების მქონე პირები, პროვოკაციის მიზნით, აფხაზეთის ზოგიერთი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ, ზოგს კი აქებენ, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების მუშაობასა და ეფექტიანობაზე”.

აფხაზური მხარის ბრალდებებზე თბილისს საპასუხო კომენტარი ან განცხადება არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი