ახალი ამბებიეკონომიკა

ყიდულობს თუ არა ხიდაშელი სანქცირებულ VTB ბანკს

25 ივლისი, 2022 •
ყიდულობს თუ არა ხიდაშელი სანქცირებულ VTB ბანკს

დღეს, 25 ივლისს, BM.GE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ VTB BANK Georgia-ს ყიდულობს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დავით ხიდაშელსა და “ვითიბი ბანკს”.

“ვითიბი ბანკის” პრესსამსახურში ინფორმაცია უარყვეს.

თავად დავით ხიდაშელმა ჩვენს შეკითხვაზე, აწარმოებს თუ არა ბანკთან მოლაპარაკებებს, გვიპასუხა:

“საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილებიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს მოსახლეობის დეზინფორმირებას ან ჩემს შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს”, – მოგვწერა ბიზნესმენმა, რის შემდეგაც კიდევ ერთელ ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, დეზინფორმაცია იყო თუ არა ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რაზეც ბიზნესმენისგან ასეთი პასუხი მივიღეთ.

“მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და მხოლოდ საქართველოს დახმარებას ვცდილობ საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ.

რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემ მიმართ: ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს. რასაც უნდა იძახიან და წერენ. ენას ძვალი არ აქვსო, რომ იტყვიან…”, – ამბობს ხიდაშელი.

VTB BANK Georgia-ს შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. მათი თქმით, VTB ბანკის შესყიდვაზე ოფიციალურად ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა მათთან. ამასთან, განცხადებაში სებ-მა აღნიშნა, რომ VTB ბანკი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ არის სანქცირებული, რაც ნიშნავს, რომ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან, ეროვნული ბანკი კი მხოლოდ ტრანზაქციებზე თანხმობის შემთხვევაში გასცემს ნებართვას.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ “ვითიბი ბანკის” ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით”, – წერს ასევე სები განცხადებაში.


დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა საქმე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ და შემდეგ მათი დაკავება.

თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

VTB ბანკს სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა. ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზის ბანკმა იყიდა.

VTB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი კოსტინი „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბანკი საქმიანობას მხოლოდ საქართველოში წყვეტს, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში კი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი