საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინას ჰქონდა მოლოდინი, რომ „ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, საქართველო უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა“.
„სამწუხაროდ, ამ დოკუმენტში დაფიქსირებულმა სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ პოვეს პრაქტიკული განხორციელება.
რუსეთის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ბიძგი უნდა მიეცა ჩვენი ქვეყნების პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ პრაქტიკულ განზომილებაშიც“,- აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.
„ჩვენი საერთო ისტორიული გამოცდილება მიანიშნებს, რომ რუსეთის დაშოშმინებისა და არ გაღიზიანების პრაქტიკა მხოლოდ ახალისებს პუტინის ხუნტას, რომ მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია.
დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებსა და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა.
ჩვენი მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ისტორია გვძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ საქართველო და უკრაინა, ევროკავშირის მეგობარ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების ნათელი, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის.
უკრაინა გაიმარჯვებს, მტერი დაისჯება და შემდეგ, ევროკავშირის უსაფრთხო გარემოში საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და შეიძენს ფუნდამენტურად ახალ მნიშვნელობას“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
კასიანოვი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც უკრაინამ ქვეყნიდან ელჩი გაიწვია.
თარგმანი მთავარი არხი*