ახალი ამბები

ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო — კასიანოვი მიუნხენში ღარიბაშვილის მესიჯზე

24 თებერვალი, 2023 • 1149
ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო — კასიანოვი მიუნხენში ღარიბაშვილის მესიჯზე

“ქართული მასმედიის ცალკეულ ინფორმაციებზე დაყრდნობით დავასკვენით, რომ ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო”, — განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯის შეფასებისას.

„მე ვიყავი მიუნხენში. ვნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება ომი უკრაინაში. საერთოდ არ ჩანს გამოსავალი ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც 18 თებერვალს გერმანიაში გაიმართა.

კასიანოვის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინამ მიიღო უდავო მხარდაჭერა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მძლავრი თანამედროვე იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სახით.

ამასთან, მიუნხენში მხარი დაუჭირეს მშვიდობის მიღწევის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ნაწილში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების მიმართ პატივისცემის აღდგენის ძირითად გზებს, რაც ასახულია უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულაში“.

“უკრაინულ მხარეს არ მიუღია არცერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელმა პოლიტიკოსებმა უნდა აწარმოონ დიალოგი ქვეყნებთან ან ქვეყნების ჯგუფებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოვიდნენ როგორც ეროვნული უსაფრთხოების რეალური გარანტი, ასევე, გულმოდგინედ იმუშაონ თავიანთი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და განავითარონ საკუთარი თავდაცვის ძალები; ასევე, გამოიყენონ ქმედითი ზომები შემდგომი ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ შორის, სუვერენული ტერიტორიების უწყვეტი ბორდერიზაციის სახით.

დეფეტიზმის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე სხვადასხვა მუქარით საქართველოს მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, ჩვენი აზრით, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი”, – განაცხადა კასიანოვმა დღეს, 24 თებერვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი