ახალი ამბები

გაუგებარია რადის მოწვევის დამალვის მცდელობა — კასიანოვი “ოცნებაზე”

24 თებერვალი, 2023 • 662
გაუგებარია რადის მოწვევის დამალვის მცდელობა — კასიანოვი “ოცნებაზე”

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა იმედგაცრუებულია არა იმდენად მმართველი პარტიის უარით უკრაინის რადის მიწვევაზე, არამედ “ქართული ოცნების” ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებით მოწვევის უგულებელყოფის მოტივებთან დაკავშირებით.

“უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არამხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან წარმოდგენილი. ამჟამად უკრაინაში იმყოფება რამდენიმე ქართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მათ შორის, პარლამენტის წევრები მეგობრობის ჯგუფიდან.

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მამაცი ქართველი პოლიტიკოსების, რომლებმაც — რუსეთის მხრიდან, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას — მუქარებისა და საფრთხეების მიუხედავად, გამოავლინეს პრინციპული პოზიცია და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად გაუწიეს უკრაინას ქმედითი მხარდაჭერა”, — განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, უკრაინა მტკიცედ უარყოფს გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებებს საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება პარტიის „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ეფექტურ მხარდაჭერას უწევს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული საქმითაც. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ უკრაინის საელჩო საქართველოში აქტიურად მუშაობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მათი მონაწილეობის საკითხზე და გამონაკლისი არც TBC ჯგუფია, რომლის წარმომადგენლები ამჟამად კიევში იმყოფებიან”, — განაცხადა კასიანოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი