„ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზეწოლა არ ხდება შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან“, – აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების პასუხად.
ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ წერილი გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს ზეწოლაში ადანაშულებდა და ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, კევინ ბურკი შეხვდა, რომელმაც საუბრისას ჰკითხა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი საპატიმრო სასჯელით. ჩხიკვაძე აცხადებდა, რომ მისი შეფასებით ეს იყო „ანგარიშის მოთხოვნა“ ამ საქმესთან დაკავშირებით.
ელჩმა დეგნანმა რამდენჯერმე უკვე გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე, დღეს კი ჟურნალისტების მორიგ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმეს დასასანქცირებლად ან დასასჯელად… ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მუშაობა საქართველოში სასამართლო სისტემასთან ფოკუსირებული იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში დახმარებაზე; ისეთ სასამართლო სისტემაზე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანონის საფუძველზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და დამოუკიდებლად“.
„ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზეწოლა არ ხდება შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან… არ არსებობს ადამიანი შეერთებული შტატების საელჩოში, რომელსაც უცდია ზეგავლენის მოხდენა ან ზეწოლა რომელიმე მოსამართლეზე, ან რომელიმე საქმეზე. ეს უბრალოდ არ არის ჩვენი მუშაობის სტილი“, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს გვარამიას მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა.
ამის შემდეგ შეერთებული შტატების საელჩომ მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და, დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.
ამ განცხადების შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.
ვრცლად: