აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კომენტარს აკეთებს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში გაცვლითი პროგრამიდან მოხსნის თაობაზე.
ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ წერილი გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს ზეწოლაში ადანაშულებდა და ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც საუბრისას ჰკითხა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი საპატიმრო სასჯელით. ჩხიკვაძე აცხადებდა, რომ მისი შეფასებით ეს იყო „ანგარიშის მოთხოვნა“ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით:
„ამერიკა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და ზოგჯერ ხდება ისე, რომ მეგობრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამ შემთხვევაში, უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ. ეს შეიძლება იყოს პირადი საუბარი ან საჯარო გამოსვლა, როდესაც ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. ამ შემთხვევაში, საჯარო განცხადება იქნა გაკეთებული, სადაც გამოვხატეთ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთება დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტულ განაჩენთან დაკავშირებით. ამის შესახებ არ საუბრობდა მხოლოდ აშშ, ამის შესახებ საუბრობდნენ სახალხო დამცველიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ყველამ გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საიდუმლოდ არ მომხდარა, ყველაფერი საჯარო იყო.
ეს არის საკითხი, რომლისგანაც არანაირი სკანდალი არ უნდა შეიქმნას. ეს არის რუტინული პროცესია. აშშ დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან გამჭვირვალობის, პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის კუთხით. გაცვლითი პროგრამებით მიგვყავს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები. მათ შორის, მოსამართლეები, პროკურატურის და სხვა უწყებების თანამშრომლები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას. ეს არის რუტინული, ჩვეულებრივი პროცესი. როდესაც ადამიანებს სურთ, ამგვარი ამბები შეატრიალონ და იმაზე დიდად გამოაჩინონ, ვიდრე ეს სინამდვილეშია, მათ საკუთარი მიზნები ამოძრავებთ“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა „ნეტგაზეთისთვისაც“.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:
„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.
აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოითხოვა განმარტების გაკეთება, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ. მან ასევე თქვა, რომ „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“.
ამის შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.