ახალი ამბები

კარგა ხანია, ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ – ელჩი დეგნანი

21 ივლისი, 2022 •
კარგა ხანია, ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ – ელჩი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია, არ შეხვედრია.

„შემიძლია განვაცხადო, რომ მე კარგა ხანია, ბატონ ივანიშვილს არ შევხედრივარ“, – განუცხადა ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს ჟურნალისტებს.

„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“, – განაცხადა მან.

20 ივლისს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც წერდა:

„იბადება კითხვა: ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა“.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ელჩისგან საინტერესო იყო ამასთან დაკავშირებით პასუხის მოსმენა“: „ძალიან მარტივი კითხვაა, შედგა შეხვედრა თუ არა“.

კელი დეგნანმა ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„მე დიპლომატი ვარ, ასე რომ, არ ვაპირებ, ეს საწყენად მივიღო, მაგრამ ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ცოტა გაოგნებული ვარ, რატომ ამბობს ეს დეპუტატი ამას არარსებული ინფორმაციის საფუძველზე. მე მას არ ვიცნობ; ის, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩემს არცერთ შეხვედრაზე ბატონ ივანიშვილთან. ასე რომ, მე ოდნავ მაოცებს, რა მოტივით ამტკიცებს ამას“.


კელი დეგნანი შტატების ელჩად საქართველოში 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. იმ დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო. ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის 1 1 იანვარს განაცხადა ( ხელმეორედ), რომ პოლიტიკას ტოვებდა და მას შემდეგ პოზიციას არ იკავებს მთავრობასა თუ მმართველ პარტიაში.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი