კომენტარი

აშშ-მა იცის, რომ ხალხის უმრავლესობა არ იზიარებს ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსს — ბადრიძე

21 ივლისი, 2022 • 1438
აშშ-მა იცის, რომ ხალხის უმრავლესობა არ იზიარებს ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსს — ბადრიძე

რა სიგნალებს იღებს საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატებისგან? რა მიზანი აქვს შტატების ელჩის კრიტიკას? როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? „ნეტგაზეთი“ ამ საკითხებზე ესაუბრა „რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარ გიორგი ბადრიძეს.

გიორგი ბადრიძე 2009-13 წლებში საქართველოს ელჩი იყო გაერთიანებულ სამეფოში, უფრო ადრე კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას, ამერიკის დირექტორატს ხელმძღვანელობდა.

Ბატონო გიორგი, გუშინ ღამით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და წევრების მიერ ელჩის კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერა გამოუცხადა კელი დეგნანს და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“. გახსოვთ თუ არა მსგავსი სიგნალები შეერთებული შტატების მთავრობისგან და რისი მანიშნებელია ეს?

შეერთებული შტატებისთვის არ არის ახალი, როდესაც ზოგიერთი, როგორც წესი, სრულიად ავტორიტარული ხელისუფლებების წარმომადგენლები მათ ლანძღვას იწყებენ მაშინ, როდესაც აწყდებიან საშინაო პრობლემებს. ამის კულმინაცია იყო ირანის ისლამური რევოლუციის პროცესში, როდესაც ხელისუფლების ლოზუნგად იქცა „სიკვდილი ამერიკას“.

ძალიან ტრაგიკომიკურად ჟღერს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ნელ-ნელა ემსგავსება ყველაზე ანტიდასავლური სახელმწიფოების მიდგომას, შეერთებული შტატების, დასავლეთის და, ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს მიმართ.

ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ  წლების განმავლობაში ოფიციალურ კურსად გაცხადებული პროდასავლურობა არასოდეს ყოფილა გულწრფელი. როდესაც საქმე შეეხო ძალაუფლებას, მათ პირად ინტერესებს, კონკრეტულად ერთი პირის პირად ინტერესებს, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინტერესები, ერის ისტორიული მისწრაფება დასავლეთისკენ მათთვის არაფერს ნიშნავს.

შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ამით არაფერი დაუშავდება, – და არც მათ ელჩს, – სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე აისახება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას საკადრის პასუხს გასცემს.

Ზოგიერთი მიიჩნევს, რომ  „ქართული ოცნების“ ლიდერების და სხვების მხრიდან მსგავსი რიტორიკა გამოუცდელობით არის ნაკარნახევი. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ამას კონკრეტული მიზნები ჰქონდეს. იგივე კრიტიკის შემსუბუქება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

გამოუცდელობას ვერაფრით დაიბრალებს ხელისუფლება, რომელიც 10 წლის განმავლობაში აკონტროლებს ძალაუფლების ყველა ბერკეტს. ასე რომ, ეს ყველაზე ნაკლებად მისაღები არგუმენტია. ეს არის სრულიად განწირული მცდელობა ამ ხალხის მხრიდან, თავი აჩვენონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ისინი იცავენ მის ინტერესებს და ტყუილად არ არიან მის სამსახურში. მაგრამ ამით, როგორც ვთქვი, ამჟღავნებენ, რომ ეროვნული ინტერესები, საქართველოს ბედი არაფრად აღელვებთ.

არის ასეთი მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მიზანია, ამ რიტორიკით, ასე ვთქვათ, შეაგუოს შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები უკუსვლას დემოკრატიულ გზაზე, რაც საქართველოში შეინიშნება, გადავიდეს ამ „აბსოლუტური სუვერენიტეტის“ რეჟიმში, რის შემდეგაც, შესაძლოა, შეერთებული შტატები მხოლოდ საბაზისო კავშირების შენარჩუნებას დათანხმდეს ქვეყანასთან. ეს სცენარი რამდენად მოსალოდნელია?

ეს შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა, საზოგადოება შეგუებულია ავტორიტარულ რეჟიმს და იძულებით თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ან ეგუება, ან მხარს უჭერს. საქართველო არ იქნება ეს შემთხვევა. კარგად იცის შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა, რომ საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ იზიარებს ხელისუფლების მიერ არჩეულ, უკვე ღიად ანტიდასავლურ კურსს.

ასე რომ, გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი და შეერთებული შტატები გადავიდეს იმ ქმედებებზე, რაც თქვენ აღწერეთ, რაც ახასიათებს გამყარებული ავტორიტარიზმის სახელმწიფოებს.

მაშ, როგორი განვითარება შეიძლება პოვოს ამ ყველაფერმა?

შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. ეს პირდაპირაც ითქვა, ეს არ არის ვარაუდი, ეს ოფიციალური კურსია შეერთებული შტატების. მისი მთავარი პოლიტიკური ხაზი საქართველოს მიმართ არის ქართველი ხალხის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მისი პროდასავლური კურსის ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დასკვნები უნდა გააკეთონ.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი