ახალი ამბებისამართალი

იუსტიციის საბჭოს წევრის შვილს მოსამართლეობა სურს — ნეპოტიზმი?

19 მაისი, 2021 • 3642
იუსტიციის საბჭოს წევრის შვილს მოსამართლეობა სურს — ნეპოტიზმი?

“დღევანდელ საქართველოში შესაძლებელია, მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე მოაწყოს”, — აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

საქმე ეხება ალექსანდრე გზირიშვილს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ლევან გზირიშვილის შვილია და სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 40-ზე მეტ ვაკანსიაზე აქვს განცხადება შეტანილი. ალექსანდრე გზირიშვილთან გასაუბრება 18 მაისს გაიმართა, თუმცა მის მამას გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ლევან გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა 2017 წელს აირჩია და მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისსში ეწურება. ნაზი ჯანეზაშვილი ყურადღებას ამახვილებს ლევან გზირიშვილის შვილის კარიერულ წინსვლაზე 2017 წლის შემდეგ.

“2018 წელს მისი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი მუშაობას იწყებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მანამდე ამ ადამიანს არასდროს სასამართლო სისტემაში არ უმუშავია და გუშინ გამართულ გასაუბრებაზე ისიც აღნიშნა, რომ ადრე ამის ინტერესი არ ჰქონია. ამის შემდგომ ის ირიცხება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და 2019- 20 წლებში ხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. სკოლის მსმენელად ჩარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყევტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ანუ ის ორგანო, რომლის წევრიც არის მამამისი. ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს მოსამართლეთა შესარჩევად 80-ზე მეტ ვაკანსიაზე და ალექსანდრე გზირიშვილმა შემოიტანა განაცხადი 40-ზე მეტ ვაკანსიაზე. ე.ი. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს- სად, მთავარია მოსამართლე გახდეს”, — აცხადებს ჯანეზაშვილი.

ის ვარაუდობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ალექსანდრე გზირიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, თუ საზოგადოებრივი აზრი არ გახდა წინაღობა.

“რა არის მთავარი პრობლემა — ლევან გზირიშვილის მხარდაჭერას ძალიან ბევრ შემთხვევაში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა კლანისთვის. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პირველი კონკურსი, რომელზეც სახალხო დამცველმა თქვა, რომ ჩანდა, საბჭოს წევრები შეთანხმებულები იყვნენ ამა თუ იმ კანდიდატის წარდგენაზე”, — იხსენებს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, ლევან გზირიშვილი 4 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა კლანს, “თუნდაც იმ სიჩუმით, რომლითაც გამოირჩეოდა”.

“შედეგად, 4 წლისთავზე, როცა არამოსამართლე წევრების დიდ ნაწილს ვადა გვეწურება, ის, სავარაუდოდ, სარგებლად იღებს თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას. საუბარია ძალიან ხანგრძლივ სარგებელზე, დაახლოებით 2053 წლამდე. ეს არის კლანის დემონსტრაციული მესიჯი მომავალი არამოსამართლე წევრების მიმართაც, რომ თუ ისინი იქნებიან ლოიალურები კლანის მიმართ, მიიღებენ სარგებელს. გზირიშვილის შემთხვევაში ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი გვაქვს. მე ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კორუფციაც”, — განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებას დაუსაბუთებელი და უსაფუძველო უწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

“გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მაგალითი, როდესაც საბჭოს წევრი ჯანეზაშვილი ცდილობდა ახალგაზრდა მოსამართლეობის კანდიდატის დამცირებას მისი ღირსების და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც არ გამოუვიდა. ალექსანდრე გზირიშვილმა ეთიკურად და მაქსიმალურად ადეკვატურად გაართვა თავი თავდასხმებს. როდესაც ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მხოლოდ იმის თქმა, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის შვილი, საკმარისი არ არის. არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, რომ ალექსანდრე გზირიშილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის და არ აკმაყოფილებს მოსამართლის კრიტერიუმებს. ჯანეზაშვილმა თქვენთანვე აღიარა, რომ სამართლებრივი შეკითხვები კვალიფიკაციის გამოსავლენად არც კი დაუსვამს და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით”, — განუცხადა ჟურნალისტებს გვრიტიშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ ალექსანდრე გზირიშვილის კვალიფიკაციასთნ დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს.

“საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ფორმალურად აკმაყოფილებს — ჩააბარა მოსამართლის საკვალფიკაციო გამოცდა, ისწავლა იუსტიიცის უმაღლეს სკოლაში, აქვს უმაღლესი განათლება და ა.შ. კვალიფიკაციაზე შეკითხვები არც კი დამისვამს, ვინაიდან ეს არის თვალსაჩინო შემთხვევა, როგორ ურიგდება საბჭოს არასამოსამართლე წევრი კლანს”, — განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას “კიდევ ერთი გამოხტომა” უწოდა და თქვა, რომ ისიც და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ ნაზი ჯანეზაშვილს მალე ეწურება უფლებამოსილების ვადა.

ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც კლანად წოდებული გავლენიანი მოსამართლეების და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ყველაზე აქტიური კრიტიკოსია, იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობოები კლანად  მოიხსენიებენ მოსამართლეთა ჯგუფს, რომლებიც გავლენას ფლობენ სასამართლოზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში ნათესაური და მეგობრული ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. თავად მოსამართლეები კლანის არსებობას უარყოფენ.

ამავე თემაზე:

ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება – გვრიტიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი