ახალი ამბები

რუსი ბლოგერი საქართველოში არშემოშვებას სააკაშვილზე რეპორტაჟებს უკავშირებს

19 ივლისი, 2022 • 1285
რუსი ბლოგერი საქართველოში არშემოშვებას სააკაშვილზე რეპორტაჟებს უკავშირებს

რუსი ბლოგერისა და ჟურნალისტის, ალექსეი რომანოვის თქმით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. რომანოვი მიიჩნევს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება კავშირშია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე მის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებთან.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც 6 საათით მაყურყუტა საზღვარზე, გადაწყვიტა, უარი ეთქვა საქართველოში შეშვებაზე”, — დასძენს ბლოგერი 19 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში.

რომანოვის თქმით, გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლები. ბლოგერის ინფორმაციით, მის შემთხვევაში მონიშნულია პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

აღნიშნული პუნქტის ფორმულირება ართულებს იმის გარკვევას, კონკრეტულად რის გამო არ უშვებენ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს. “ნეტგაზეთი” შსს-დან ელის პასუხს რომანოვის შემთხვევასთან დაკავშირებით.

“მაგრამ სერიოზულად, ვფიქრობ, საქმე ჩემს რეპორტაჟებს ეხება, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე გადავიღე, როცა ხალხი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიტინგებზე მიდიოდა”, — წერს ბლოგერი.

2016 წლამდე რომანოვი რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ცხოვრობდა და იქვე საქმიანობდა. ამის შემდეგ მან შექმნა Youtube არხი, რომლის მეშვეობითაც აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. არხს 350 000 გამომწერი ჰყავს.

“რადიო თავისუფლების” რუსული გამოცემის თანახმად, Youtube არხის შექმნის შემდეგ რომანოვმა, როგორც თავად ამბობდა, “ადგილობრივი უშიშროების ძალების მხრიდან დიდი ყურადღება იგრძნო [თავისი] ოჯახის მიმართ”.

ამ ფონზე ალექსეი რომანოვმა ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი და გარკვეული ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ასევე, ამზადებდა ვიდეობლოგებს სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

2020 წელს ბლოგერი ხაბაროვსკში დაბრუნდა, რათა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი პროტესტი გაეშუქებინა. აქციების გაშუქებისას რომანოვი დააკავეს. მან 1 კვირა გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

უკანასკნელ ხანებში საქართველოში შემოსვლაზე კრემლის არაერთ კრიტიკოსს უთხრეს უარი.

გასული წლის ივლისში ქვეყანაში “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ილია აზარი არ შემოუშვეს, ოქტომბერში კი ალექსეი ნავალნის გუნდის წევრმა, ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ ისიც გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ვერც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი შემოვიდა, ომის დაწყების შემდეგ კი ანალოგიურ გამოცდილებაზე ოპოზიციური ტელეარხის “დოჟდის” წამყვანმა მიხაილ ფიშმანმა და “მედიაზონას” ჟურნალისტმა დევიდ ფრენკელმა აცნობეს საზოგადოებას.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ რუსეთის მოქალაქ ბლოგერს, ინსა ოგუზსაც. 2-კვირიანი ლოდინის შემდეგ, ის ლიეტუვაში გაემგზავრა.

ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაში, 13 ივლისს, რუსმა კომიკოსმა, გარიკ ოგანისიანმა თქვა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი