ახალი ამბები

რუსი ბლოგერი, რომელსაც საქართველოში 2 კვირა არ უშვებდნენ, ლიეტუვაში გაემგზავრა

29 ივნისი, 2022 • 793
რუსი ბლოგერი, რომელსაც საქართველოში 2 კვირა არ უშვებდნენ, ლიეტუვაში გაემგზავრა

საქართველომ ორკვირიანი ლოდინის შემდეგ რუსეთის მოქალაქე ინსა ოგუზის ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ ბლოგერი ლიეტუვაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის” , რომელიც მის ინტერესებს იცავდა როგორც საქართველოში, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 17 ივნისს ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინეს საქალაქო სასამართლოში და ინსა ოგუზისთვის მოითხოვეს თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა. 20 ივნისს კი ევროპულ სასამართლოსაც მიმართეს და მოითხოვეს, დროებითი ღონისძიების გამოყენების გზით მომხდარიყო ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული განაცხადის საპასუხოდ ევროსასამართლომ 22 ივნისს კომუნიკაცია დაიწყო მხარეებთან. კერძოდ, მოსარჩელესა და სახელმწიფოს კითხვები გაუგზავნა, პასუხების საბოლოო ვადად კი 29 ივნისი განუსაზღვრა.

ორგანიზაციის “უფლებები საქართველოსთვის” ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ 27 ივნისს სახელმწიფომ ოგუზის ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო, ევროსასამართლოში კითხვებზე პასუხის გაცემა საჭირო აღარ გახდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, სანამ საქართველო რუსი ბლოგერის საქართველოში შემოშვების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ლიეტუვის ელჩმა ინსა ოგუზს ლიეტუვაში გამგზავრება შესთავაზა, რასაც ბლოგერი დასთანხმდა.

ორგანიზაციის “უფლებები საქართველოსთვის” ინფორმაციით, ინსა ოგუზი 2022 წლის 12 ივნისიდან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა, რადგან საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ორგანიზაციის ცნობით, 13 ივნისს რუსმა ბლოგერმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა კვლავ მოითხოვა, ამასთან, ითხოვა თავშესაფარიც, თუმცა აღნიშნულზეც უარი ეთქვა.

ის ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში ცხოვრობდა. 2021 წლის 9 დეკემბერს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით შინაპატირმობა შეუფარდეს. მისი მეგობრების თანახმად, ბრალდებას რეალური საფუძველი არ გააჩნია.

რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, OVD-Info-ს თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უკავშირდება მის ჟურნალისტურ აქტივობას.  ბოლო თვეების განმავლობაში სწავლობდა უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენლის საქმიანობას, კერძოდ, საქველმოქმედო ფონდიდან თანხების გაფლანგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი