ახალი ამბები

“ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

24 ივლისი, 2021 •
“ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული გამოცემის, “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის დოკუმენტში, რომელსაც აზარი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, გადაწყვეტილების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

“პირველად(დიდი ხნის წინ) პერსონა ნონ გრატად გამომაცხადებს აზერბაიჯანში, ყარაბაღიდან რეპორტაჟის გამო. ცოტა ხნის წინ, ასევე ყარაბაღიდან მომზადებული სტატიის გამო სომხეთმა ამიკრძალა მუშაობა, არჩევნებზეც კი.

დღეს საქართველოში შესვლაზე მითხრეს უარი მიზეზების ახსნის გარეშე. ძალით ჩამსვეს თვითმფრინავში, რომლითაც დავბრუნდი. ახლა ვზივარ, ძალიან მოწყენილი”, — წერს ჟურნალისტი “ფეისბუქზე”.

საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლი არეგულირებს. ის, დაახლოებით, 10 შესაძლო მიზეზს აერთიანებს.


უარის დოკუმენტში, რომელსაც ილია აზარი “ფეისბუქზე” აქვეყნებს, მონიშნულია გრაფა “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რის გამო არ შემოუშვეს საქართველოში “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი.

ტელეკომპანია “დოჟდის” თანახმად, გასული წლის იანვარში აზარმა აფხაზეთიდან გამოაქვეყნა რეპორტაჟი იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, კერძოდ,  ოპოზიციის პროტესტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ. ბუნდოვანია, უკავშირდება თუ არა საქართველოში შემოსვლაზე უარი ხსენებულ რეპორტაჟს.

“ნოვაია გაზეტა”, რომელშიც აზარი საქმიანობს, ცნობილია თავისი კრიტიკით რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი