რუსი კომიკოსის, გარიკ ოგანისიანის თქმით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. აღნიშნულის შესახებ ის ტვიტერზე წერს და შესაბამისი დოკუმენტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
“ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა? რა უნდა ვქნა?” — იკითხა ოგანისიანმა მას შემდეგ, რაც აუდიტორიას აუწყა, რომ ქვეყანაში არ შემოუშვეს.
“გადავწყვიტე, საქართველოსა და სომხეთის საზღვრებს შორის ძაღლებთან ერთად ვიცხოვრო” ,— დასძენს კომიკოსი კიდევ ერთ ტვიტში.
გარიკ ოგანისიანი აქვეყნებს დოკუმენტის ფოტოსაც, რომელზეც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლებს შორის მონიშნულია პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. შესაბამისად, ბუნდოვანია, კონკრეტულად რის გამო არ უშვებენ ქვეყანაში რუს კომიკოსს.
Блин, мне на въезде в Грузию отказали, приколите) кто-нибудь сталкивался? Че делать? pic.twitter.com/DzkBk3opgj
— Харик Оханисян (@Garik_R_O) July 13, 2022
გარიკ ოგანისიანი იყო პოპულარული სატელევიზიო პროგრამის “Вечерний Ургант” სცენარისტი. გადაცემა რუსეთის “პირველ არხზე” გადიოდა. გასულ წელს კომიკოსმა ღიად ისაუბრა “პირველ არხში” არსებულ ცენზურაზე.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ხსენებული გადაცემა ეთერში აღარ გამოჩენილა. ოგანისიანი ერთ-ერთი იყო რუს კომიკოსთა შორის, რომელთაც თებერვალში ომის საწინააღმდეგო წერილი გაავრცელეს, Вечерний Ургант-ის წამყვანმა, ივან ურგანტმა კი “ინსტაგრამზე” დაწერა:
“შიში და ტკივილი. არა ომს”.
ნეტგაზეთი შსს-სგან ელის პასუხს, კონკრეტულად რის გამო არ შემოუშვეს საქართველოში რუსი კომიკოსი.
უკანასკნელ ხანებში საქართველოში შემოსვლაზე კრემლის არაერთ კრიტიკოსს უთხრეს უარი. გასული წლის ივლისში ქვეყანაში “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ილია აზარი არ შემოუშვეს, ოქტომბერში კი ალექსეი ნავალნის გუნდის წევრმა, ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ ისიც გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ვერც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი შემოვიდა, ომის დაწყების შემდეგ კი ანალოგიურ გამოცდილებაზე ოპოზიციური ტელეარხის “დოჟდის” წამყვანმა მიხაილ ფიშმანმა და “მედიაზონას” ჟურნალისტმა დევიდ ფრენკელმა აცნობეს საზოგადოებას.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ რუსეთის მოქალაქ ბლოგერს, ინსა ოგუზსაც. 2-კვირიანი ლოდინის შემდეგ, ის ლიეტუვაში გაემგზავრა.