ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ ორ სასამართლოსა და ორ კოლეგიაში თავმჯდომარეები აირჩია

18 ივლისი, 2022 • 1060
იუსტიციის საბჭომ ორ სასამართლოსა და ორ კოლეგიაში თავმჯდომარეები აირჩია

დღეს, 18 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები დანიშნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირაკლი ბონდარენკო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მესამე ვადით მამია ფხაკაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ბადრი შონია, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საბჭო მოსამართლეთა დანიშვნების შესახებ ინფორმაციას დროულად და სათანადოდ არ ავრცელებს. მისი თქმით, შესაბამისად, საზოგადოებისთვის რთულია, სრულყოფილად გაიგოს, როგორ ხდება სხვადასხვა თანამდებობებზე კადრების გადაადგილება:

„დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებითაც საბჭოს საიტზე რომ ჩახედოთ დღის წესრიგს, ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერია. მესამე საკითხად წერია, თითქოს ვინმეს უფლებამოსილების დაკისრებაც უნდა მომხდარიყო, რაც არ მომხდარა. ეს ნიშნავს, დროებით როცა ნიშნავენ თანამდებობაზე, რაც არ მომხდარა. საერთოდ არ ჩანს დღის წესრიგიდან, რომელ სასამართლოებში იყო კადრები დასანიშნი, ლაპარაკი ზედმეტია კანდიდატების ვინაობაზე. ამასთან, გადაწყვეტილებები არ ქვეყნდება დროულად, შეიძლება 1-2 კვირა გავიდეს და გადაწყვეტილება არ გამოქვეყნდეს. რომ მიხვიდე დასწრების სურვილით, რამდენჯერმე ხდება სხდომის გადადება. მაქსიმალურად ცდილობენ მიჩქმალონ გადაწყვეტილებები“, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, პრობლემურია თავად ის კანდიდატურებიც, ვინც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სხვადასხვა სასამართლოსა და კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია. ჯანეზაშვილის თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბოლო დროს რამდენჯერმე გამოიცვალა თავმჯდომარე და გარკვეული პერიოდით თავად ირაკლი ბონდარენკოც ასრულებდა ამ მოვალეობას:

„ის იყო საბჭოს წევრი, მისი ცოლიც სასამართლოში მუშაობს. თავად ამ ადამიანმაც სხვადასხვა სასამართლო გამოიცვალა, მათ შორის, იყო მაღალ პოზიციებზეც. ის არის კლანთან დაახლოებული პირი და შესაძლოა მივიჩნიოთ ერთ-ერთ გავლენიან მოსამართლედ“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს, რომ მამია ფხაკაძე ამ თანამდებობას უკვე მე-11 წელია იკავებს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი აცხადებს, რომ როგორი კარგი მენეჯერიც არ უნდა იყოს ადამიანი, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში იკავებს არჩევით თანამდებობას, მის მიმართ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება:

„რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მამია ფხაკაძე მესამე ვადით დაინიშნა. 2012 წლიდან იკავებს ის ამ თანამდებობას და რაც არ უნდა კარგი მენეჯერი იყოს ადამიანი, არ შეიძლება ერთ სასამართლოში ადამიანი ინიშნებოდეს მესამე ვადით. მე-11 წელი დაიწყო, რაც ის იქნება თავმჯდომარე. დემოკრატიის ელემენტარული სტანდარტია, რომ ამდენი ხანი ერთი ადამიანი არ უნდა იყოს თავმჯდომარედ და სხვა მოსამართლეებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ხელმძღვანელობდნენ სასამართლოს“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მუდმივი როტაციაა თანამდებობებზე და ვაკანსიებს გამუდმებით იკავებენ ერთი და იგივე პირები:

„თვითონ უშუალოდ ბადრი შონია არის, ამავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. პრობლემურია იმიტომ, რომ 100-ზე მეტი მოსამართლე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და აქაც საბაზისო პრინციპი უნდა იყოს, სხვადასხვა მოსამართლეებს მიეცეთ შესაძლებლობა. როცა ვხედავთ, რომ ადამიანი თან საბჭოს წევრია და თან კოლეგიის თავმჯდომარე, უკვე ცხადად ჩანს, რომ ფოკუსირდება ძალაუფლება კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით.

ვასილ მშვენიერაძეს რაც შეეხება, ის მუდმივად იცვლის თანამდებობებს. მუდმივად ის არის სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. იყო ქუთაისის სააპელაციოს თავმჯდომარე, კოლეგიის თავმჯდომარე და ა.შ. ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრიც. როცა საუბარია, როგორ იმართება არაფორმალური ძალაუფლებით სასამართლო სისტემა, ასეთი მოვლენები წარმოაჩენს ხოლმე, ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად იცვლიან თანამდებობებს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი