ახალი ამბები

გახარია ხელისუფლებას აკრიტიკებს და „არაფორმალურ მმართველზე“ მიუთითებს

15 ივლისი, 2022 • 2334
გახარია ხელისუფლებას აკრიტიკებს და „არაფორმალურ მმართველზე“ მიუთითებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და არაფორმალურ მმართველობაზე მიუთთიებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გახარია ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბობს.

„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, არის ღია შეტევა საქართველოს დასავლურ კურსზე. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ტკბილად ესაუბრებიან ოკუპანტ ძალას და ებრძვიან სტრატეგიულ პარტნიიორებს პირადი ინტერესების გამო“, — წერს გახარია ტვიტერზე.

მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა არაფორმალურ მმართველში, თუმცა ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ასევე, არაერთი ევროპარლამენტარი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. „ქართული ოცნება“ ამ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.


გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა. მიზეზად დაასახელა „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის სხვა ლიდერების შეუთანხმებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

მოგვიანებით გიორგი გახარიამ პარტიაც დააფუძნა. იმავე წლის 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „იყო და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არაფორმალური მმართველი?“.

გახარიამ მაშინ ამ კითხვას ზოგადი პასუხი გასცა და თქვა, რომ საქართველოში მმართველობით სისტემის სერიოზული პრობლემა არსებობს.

„რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს მმართველობის სისტემა დაუბალანსებელია და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული გავლენის ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ახერხებენ ზეგავლენას“, – განმარტა გახარიამ.

ამ განცხადებიდან მალევე,  როგორც გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, გადადგომამდე დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელს „მართავდა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი