ახალი ამბები

გახარია არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი

31 მაისი, 2021 • 1674
გახარია არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ დააფუძნა, არ პასუხობს პირდაპირ კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი.

დღეს, 31 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, „იყო და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არაფორმალური მმართველი?“,  გახარიამ ზოგადი პასუხი გასცა და თქვა, რომ საქართველოში მმართველობით სისტემის სერიოზული პრობლემა არსებობს.

„რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს მმართველობის სისტემა დაუბალანსებელია და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული გავლენის ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ახერხებენ ზეგავლენას“ – განმარტა გახარიამ.

დამატებით კითხვაზე, თუ ვინ არის ეს „გარკვეული გავლენის ჯგუფები“ და ურევია თუ არა ივანიშვილის ხელი იქ,  „სადაც მსხვილი გადაწყვეტილებები მიიღება“, ის პასუხობს – „ყველგან ივანიშვილის ხელი ვერ იქნება გარეული..“.

„არა, რა თქმა უნდა, კონკრეტულ თემებზე თუ წახვალთ, უფრო წამგებიან მდგომარეობაში იქნებით.. როგორ წარმოგიდგენიათ, 20 ივნისსა და ბიძინა ივანიშვილს, ან ანაკლიის პორტსა …   კავშირი რა არის?“ – ამატებს ის.

გახარიას შემდგომ დაუსვეს კითხვები მისი გადადგომის მიზეზებზე და იმ გარემოებებზე, რომლებმაც ეს განაპირობა.

„რახან მაინც იქ მივდივართ, ვილაპარაკოთ ამაზე. მე გუნდთან საუბარში ვამბობდი ყოველთვის და მეჭირა პოზიცია, რომ… მე ახლა გვარებზე არ მინდა საუბარი, რომ იმუნიტეტი იყო მოსახსნელი, ახლაც იგივე პოზიცია მაქვს. და მართლა ვიცავდი ამ პოზიციას, შემდგომ, უკვე როდესაც საკითხი დადგა იმ ფორმით მელიას დაკავებაზე – ოპოზიციურ პარტიაში შეჭრით, ეს იყო ჩემთვის მიუღებელი რამდენიმე მიზეზის გამო: 1. ეს უაღრესად დიდი რისკის ქვეშ აყენებდა სახელმწიფოს, როგორც ასეთს. 2: ეს სერიოზულ რისკებს უქმნია ოცნებას, როგორც პარტიას. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივი იყო. მე დღესაც ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა და როგორც გააკეთა, მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი არ იქნება სასამართლოს წინაშე წარდგენილი და მართლმსაჯულება არ აღდგება. და არ დადგინდებოდა, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გახდა მელიას ქეისი.

მე სანამ შემეძლო როლის შესრულება, მე იქ ვიყავი. როდესაც კედელია?”

ის ასევე აცხადებს, რომ სანამ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული როლი ჰქონდა, პოზიციაზე რჩებოდა, შემდგომ კი კედელს შეეჩეხა – „მე როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანაში მმართველობითი სისტემა არ არის დაბალანსებული და ინსტიტუციური წესრიგი არ არის, ეს ნიშნავს, რომ პარტია ხელისუფლებაზე პასუხისმგებელი ადამიანის უფლებამოსილებაში შემოიჭრა პირდაპირ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, — თქვა გახარიამ.

გახარია ასევე აცხადებს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მას ეკუთვნოდა, ყველაფერი კი მისთვის მაშინ დასრულდა, როდესაც ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა არგუმენტის სახით თქვა – „რატომ შეეძლო მელიას პარლამენტში შეჭრა და ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებით რატომ არ შეგვიძლია პოლიტიკური პარტიის ოფისში შესვლაო – ჩემთვის იქ დამთავრებული იყო. ეს იყო დასრულებული საკითხი”.

გახარიას რამდენჯერმე მოუწოდეს, ღიად ეთქვა, არსებობდა თუ არა პარტიული წნეხი და თუ კი – ვინ იყვნენ ის პირები, ვინც „ქვეყანას შეუქმნეს საიმიჯო პრობლემაც კი“. მას უთხრეს, რომ მისი წასვლა შიდაპარტიულ სიმშვიდესა და მისი პასუხისმგებლობის გვერდზე გადადებასაც უკავშირდებოდა.

„აქ არანაირ კომფორტზე საუბარი არ ყოფილა, ჩემი ნაბიჯი იყო, რომ დამეზღვია იმ ღონისძიების ჩატარებისგან ყველა, პირველ რიგში, ის ადამიანები, ვინც შენობაში იყვნენ შეკრებილები და შევთანხმდეთ, რომ ეს შევძელი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა ერთი კვირის თავზე, მას შემდგომ, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩაერივნენ ამ პროცესში და ღონისძიება ჩატარდა სხვა სახით.

უარესი კი არ იგეგმებოდა, შიგნით იყო სხვა განწყობა. იქ იყო კონფლიქტისთვის მომზადებული დიდი რაოდენობით ხალხი, ეს ოპერატიული ინფორმაცია მქონდა…

აქ მთავარი მიზეზი იყო, რომ ერთმა პარტიამ მისი ურთიერთობა თავის მოწინააღმდეგესთან ქვეყნის ინტერესზე მაღლა დააყენა“, – ამბობს გახარია.

გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს საჩუქარი იქნებოდა ენმ-თვის — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი