ახალი ამბები

გახარიას თქმით, გადადგომამდე მოეჩვენა, რომ ივანიშვილი რამდენიმე მინისტრს მართავდა

25 ივნისი, 2021 • 4234
გახარიას თქმით, გადადგომამდე მოეჩვენა, რომ ივანიშვილი რამდენიმე მინისტრს მართავდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, გადადგომამდე დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელს “მართავდა”. აღნიშნულის შესახებ მან 25 ივნისს, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა.

გახარიას “tv პირველთან” ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ სანამ გადადგებოდა, ბიძინა ივანიშვილს დაურეკა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა.

“რატომ დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, თუ მას არანაირი როლი არ ჰქონდა და თქვენ გქონდათ ძალაუფლება?” — ჰკითხა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა გახარიას, რასაც ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა:

“ამაზე მე განმარტება გავაკეთე და მინდა, ეს ფურცელი [დავხურო]… მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე  მინისტრს მართავდა, მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი”.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

29 მაისს მან დააფუძნა პარტია “საქართველოსთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი