ახალი ამბები

თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება – იგეგმება „ბასლეინიც“ დახაზვაც

14 ივლისი, 2022 • 1303
თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება – იგეგმება „ბასლეინიც“ დახაზვაც

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა უკავშირდება დაგეგმილ სამუშაოებს.

ეს სამუშაოები, მერიის პრესრელიზის თანახმად, სამუშაოები ჩატარდება ძირითადად თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ სამუშაოები ითვალისწინებს „არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზებას“.

„ნეტგაზეთს“ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში უთხრეს, რომ პროექტის ფარგლებში:

  • მოეწყობა შუქნიშნები და პანდუსები;
  • დახაზავენ საავტობუსე ზოლებს („ბასლეინებს“).

რაც შეეხება შეზღუდვებს – სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი რჩება, თუმცა სავალი ნაწილი დროებით თითო ზოლით შემცირდება.

გარდა ამისა, მერიის თანახმად, შესაძლოა, „საჭიროების შემთხვევაში“, გზის სავალი ნაწილი სრულად გადაკეტოს, თუმცა ეს „მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში“ მოხდება.


თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს 2022 წლის ზაფხულიდან დაანონსებული აქვს 10 ძირითადი საავტობუსე დერეფნის ფარგლებში ავტობუსების ზოლების მოწყობა თამარ მეფის გამზირზე.

ორიოდე კვირის წინ საავტობუსე ზოლები დახაზეს თამარაშვილის ქუჩაზე, მანამდე რამდენიმე კვირით ადრე კი – ფიროსმანის ქუჩაზე ჩუღურეთში.

გირჩევთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი