ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი თამუნა ჩიხლაძე ერთ-ერთია, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ფაილების ფიგურანტებს შორის, რომელსაც პროკურატურამ 10 თვის შემდეგ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
უწყების აღნიშნული ნაბიჯი დროში დაემთხვა უფლებადამცველების მიერ სუს-ის ე.წ. კრებსებში მოხვედრილი პირების საჩივრის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნას. დაზარალებულის სტატუსის ახლა მინიჭება აღსანიშნავია იმის ფონზეც, რომ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების მსხვერპლები გახდნენ, წარსულში აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე რამდენჯერმე ეთქვათ უარი.
ჟურნალისტ თამუნა ჩიხლაძის თქმით, რომლის საუბარიც ნატა ფერაძესთან სუს-ის ე.წ. კრებსებში მოხვდა, პროკურატურას მასთან ტექნიკური კითხვები ჰქონდა. კერძოდ, ეკითხებოდნენ, იყო თუ არა შესაძლებელი, საუბარი მესამე პირისგან გავრცელებულიყო. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჩიხლაძე აცხადებს, რომ საუბარს მხოლოდ ის და ნატა ფერაძე ესწრებოდნენ და არცერთი მათგანი აუდიოჩაწერას არ აწარმოებდა:
„ფაქტია, აქ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე და არანაირი მესამე პირის ჩართულობაზე. სტრასბურგში იმიტომ წავედით, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ამოვწურეთ პროცესი ეროვნულ დონეზე. დაზარალებულად ცნობაზე უარი ჯერ გამომძიებელმა, პროკურორმა, შემდგომ ზემდგომმა პროკურორმა, ბოლოს კი სასამართლომ გვითხრა. ათი თვეა გასული პირველი კომუნიკაციიდან დღემდე“, – ამბობს თამუნა ჩიხლაძე.
მისი თქმით, დღევანდელი სტატუსის მინიჭება შეიძლება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდეს – გააჭიანურონ საქმის სტრასბურგში წარმოება:
„დღევანდელი სტატუსის მოცემა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, რომ სტრასბურგს აჩვენეს, ეროვნულ დონეზე რაღაც დაიწყო, გულხელდაკრეფილები არ ვართ და ვმუშაობთო, რომ ამან გააჭიანუროს შემდეგ საქმის წარმოება სტრასბურგში. ეს ასე არის თუ არა, ამაზე პასუხს გაგვცემს შემდეგი ნაბიჯები, რამდენად სწრაფად მოგვეცემა წვდომა მასალებზე, ეს საქმე შემოიდება თაროზე თუ ვნახავთ პროგრესს“, – ამბობს თამუნა ჩიხლაძე „ფორმულასთან“.
დაზარალებულის სტატუსი ასევე მიენიჭათ აქტივისტებს, ნოდარ რუხაძესა და ნატა ფერაძეს, რომელთა პირადი საუბრებიც ასევე მოხვდა იმ ფაილებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა. რუხაძეს დღეს მიანიჭეს სტატუსი, ნატა ფერაძეს კი- 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც მათი საჩივრები სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში გაიგზავნა.
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელი ნათია კაპანაძე, რომელიც სუს-ის ფაილებში მოხვედრილი ჟურნალისტების საკითხს კურირებს, აცხადებს, რომ ამ დრომდე პროკურატურას არც კი გამოუკითხავს დაზარალებული ჟურნალისტები . მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი გიორგი მგელაძე იყო, რომლის მონაცემებიც 2021 წლის აგვისტოში ნიკა გვარამიამ გაახმიანა:
„გიორგი რამდენიმე დღეში დაიბარეს მაშინ გამოკითხვაზე, თუმცა შემდეგი კომუნიკაცია რაც იყო პროკურატურასთან, მოეწოდებინათ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, დამატებითი ინფორმაცია მიგვეღო გამოძიების დეტალებზე – ეს პროცესი არ შედგა. გიორგი მგელაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ ჩვენ საერთოდ ვერ მივიღეთ პასუხები პროკურატურისგან, ისევე როგორც [სხვა] ჩემმა კოლეგებმა [ვერ მიიღეს პასუხი], რომლებიც იცავდნენ უფლებადამცველების და სასულიერო პირების უფლებებს“, – ამბობს ნათია კაპანაძე.
რაც შეეხება პროცესის ახლა გააქტიურებას, კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგში საჩივრის გაგზავნით სახელმწიფო დარწმუნდა განმცხადებლების ინტერესში, რომ უფლებებისთვის ბრძოლა სამართლებრივად გაგრძელდებოდა:
„რაც შეეხება თვითონ გააქტიურებას, ცხადია, მე ვხედავ, რომ როგორც აქტივისტების, ასევე ჟურნალისტების მიმართ გააქტიურება პროკურატურის მხრიდან გამოიწვია დარწმუნებამ, რომ ჩვენ არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ მხოლოდ უარის ან სასამართლოსა და საგამოძიებო უწყების ინერტულობიდან გამომდინარე შევეგუოთ, რომ მოსმენა უნდა გაგრძელდეს. მას შემდეგ, რაც პროცესმა სტრასბურგში გადაინაცვლა, სახელმწიფოსთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა განმცხადებლების ინტერესი და სურვილი, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამართლებრივი ბრძოლა უფლებებისთვის და დავიცვათ როგორც პირადი და საქმიანი კომუნიკაცია, ასევე ჩვენი წყაროები“ ,- აცხადებს ნათია კაპანაძე.
2021 წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.
ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.
ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.
პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.