პროკურატურამ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო.
ჟიჟილაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 3 აგვისტოს იმყოფებოდა.
„ერთი წლის თავზე, ბოლოს და ბოლოს, კრებსების საქმესთან დაკავშირებით, მე პირადად, სხვების მსგავსად, მომენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ახლა გასაგებია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული ის, თუ რა სისწრაფით წავა გამოძიება. ჩვენი ადვოკატების ინფორმაციით ვიცით, რომ შესაძლებელია ამ საქმის გაცილებით სწრაფ ტემპში წარმოება. აქამდეც იყო შესაძლებელი და ამის შემდეგაც შესაძლებელია“, — განაცხადა ჟიჟილაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ საგამოძიებო უწყების საქმიანობა ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პოლიტიკურ დაკვეთაზეა დამოკიდებული.
2021 წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.
ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.
ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.