ახალი ამბები

საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები პროევროპული ალტერნატივის შესაქმნელად არჩევნებისთვის – ევროპარლამენტარი

21 აპრილი, 2024 • 717
საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები პროევროპული ალტერნატივის შესაქმნელად არჩევნებისთვის – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მაიკ გალერი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არასწორ გზას ადგას. მან სოციალურ ქსელში 20 აპრილს, ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფი რუსი ქალების საპროტესტო ბანერები გააზიარა და დაწერა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს შანსი, შექმნას “ქართული ოცნების” პროევროპული ალტერნატივა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

“საქართველოს მთავრობა, მისი მმართველი პარტია და პარტიის “ნათლია” ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზას ადგანან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს შანსი, საზოგადოებამ, რომელიც ახლა აპროტესტებს [რუსული კანონის მიღების მცდელობას], გააერთიანოს ძალები და შექმნას სანდო, პრო-ვეროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის”, – წერს გალერი.

რუსული კანონის წინააღმდეგ, 20 აპრილს ქალთა მოძრაობამ მარში და აქცია გამართლა. “ქალები მირჩევთ ევროპას!” – ამ სლოგანით ასობით ქალი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით მივიდა. ქართველი ქალების აქციას შეუერთდნენ რუსეთიდან ლტოლვილი ქალებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სწორედ ამგვარი კანონების გამო მოუწიათ მათ საკუთარი სამშობლოს დატოვება და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში ლტოლვილის სტატუსით წასვლა.


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 21 აპრილსაც, 19:00 საათზე.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი